ზელენსკი პარლამენტს: მსოფლიო აღიარებს უკრაინის ერთიანობას, სიმამაცეს

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი 28 დეკემბერს პარლამენტის წინაშე გამოვიდა წლის დამაგვირგვინებელი სიტყვით და კანონმდებლებს უთხრა, რომ ქვეყანაში რუსეთის შეჭრის პირობებში მსოფლიო აღიარებს უკრაინის ერთიანობასა და სიმამაცეს.  უკრაინის ეროვნული ფერები "გაბედულების საერთაშორისო სიმბოლოა" - თქვა ზელენსკიმ გამოსვლაში, რომელიც საჰაერო თავდასხმის გამო ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო.  "ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერ კონტინენტზე, როცა ლურჯს და ყვითელს ხედავ, იცი, რომ საქმე ეხება თავისუფლებას, ხალხს, რომელიც არ დანებდა, რომელიც ფეხზე დადგა, რომელმაც მსოფლო გააერთიანა. და რომელიც გაიმარჯვებს" - თქვა მან.  ზელენსკის თქმით, ბრძოლის ველზე უკრაინის მიერ მოპოვებული წარმატებით მსოფლიომ დაინახა, რომ თავისუფლებამ შესაძლებელია გაიმარჯვოს. უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა უკრაინის არმიას.  ზელენსკის გამოსვლას ესწრებოდნენ, მათ შორის, შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი, ვალერი ზალუჟნი, კაბინეტის წევრები, უცხოელი დიპლომატები, უკრაინის დაცემულ მცველთა ოჯახების წევრები.  ზელენსკიმ ასევე ისაუბრა გასულ კვირაში ვაშინგტონში თავის ვიზიტზე - აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან შეხვედრაზე და მის გამოსვლაზე კონგრესში. მან კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა აშშ-ის ხელისუფლებას და ხალხს, "უკრაინისთვის ისტორიული მხარდაჭერის" აღმოჩენისთვის, რომელიც ათობით მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარებაში გამოიხატება - მას მერე, რაც რუსეთი 24 თებერვალს პროვოცირების გარეშე შეიჭრა უკრაინაში.  თავის გამოსვლაში ზელენსკიმ უკრაინის რეკონსტრუქციას უწოდა ერთ-ერთი უდიდესი ეკონომიკური პროექტი ევროპისთვის.  https://www.radiotavisupleba.ge/a/32197663.html

Source: radiotavisupleba.ge