ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, ქომაგებს ყვირილს და სიმღერას აუკრძალავენ
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა და ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტმა შეათანხმეს ქცევის წესები, რომლებითაც უნდა იხელმძღვანელონ მომავალი ოლიმპიადის მონაწილე სპორტული დელეგაციების წევრებმა და გულშემატკივრებმა.
სპორტსმენებმა იაპონიაში გამგაზვრებამდე, ორჯერ უნდა წარმოადგინონ კორონავირუსის ტესტზე უარყოფითი შედეგის დამადასტურებელი ცნობა. პირველად ტოკიოში გაფრენამდე ორი კვირით ადრე, მეორედ - სამი დღით ადრე. უშუალოდ ოლიმპიური თამაშებისას კი, ადგილობრივ ჯანდაცვის სამსახურებს, სპეციალური მობილური აპლიკაციების გამოყენებით, რეგულარულად უნდა მიაწოდონ ამომწურავი ინფორმაცია, თავიანთი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
ოლიმპიური სოფლის მაცხოვრებლებმა ერთმანეთთან ფიზიკური კონტაქტისგან მაქსიმალურად უნდა შეიკავონ თავი და მკაცრად დაიცვან ორმეტრიანი დისტანცია. ამასთან, თუ სპორტსმებს აქამდე შეეძლოთ, თანაგუნდელების გამოსვლისთვის ტრიბუნიდან ეცქირათ, ამჯერად ამის უფლება არ ექნებათ.
მკაცრი შეზღუდვა დაუწესდათ ქომაგებსაც - ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, დამსწრეთ სპორტსმენთა მხარდაჭერა მხოლოდ აპლოდისმენტებით შეეძლებათ. აკრძალული იქნება ტრიბუნებზე ყვირილი და სიმღერა, რადგან კორონავირუსი წვეთოვანი გზით გადადის და ლაპარაკის, ყვირილის თუ სიმღერის დროს რისკი იზრდება.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის განმარტებით, ეს არაა ქცევის წესების საბოლოო ვარიანტი და ცვლილებებს კიდევ უნდა ველოდოთ.
ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს ტოკიომ 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით უნდა უმასპინძლოს.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31084779.html
#ახალი_ამბები
#twitter