კონკურენციის სააგენტომ 16 თვეში 2 მლნ ხელფასებში გასცა და პურის გაძვირების მიზეზი ვერ დაადგინა

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=143266 კონკურენციის სააგენტო უკვე 16 თვეა პურის ფასის ზრდის მიზეზებს უშედეგოდ იკვლევს და ამ დროის განმავლობაში ორი მილიონი ლარი ხელფასებში გაიცა. ინფორმაციას ამის შესახებ ფლანგვის დეტექტორი აქვეყნებს. მათივე ინფორმაციით, სააგენტოს ბიუჯეტის ნახევარზე მეტი, 1.45 მილიონი ლარი, მხოლოდ ხელფასებში მიდის; სააგენტო 2014 წელს შეიქმნა და დაარსებიდან დღემდე მხოლოდ 1 ჯარიმა აქვს გამოწერილი; კონკურენციის სააგენტო უკვე 16 თვეა, პურის ფასის ზრდის მიზეზებს უშედეგოდ იკვლევს; 2018 წლიდან გაიზარდა სააგენტოს დაფინანსება, მაგრამ თანამშრომელთა რაოდენობა 43-ზე დარჩა. "სიპ კონკურენციის სააგენტო 2020 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2,200,000 ლარით ფინანსება. ამ თანხის ნახევარზე მეტი დასაქმებულთა ხელფასებში იხარჯება. 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, კონკურენციის სააგენტოში 43 ადამიანი არის დასაქმებული, მათი სახელფასო ბიუჯეტი 1.45 მილიონი ლარია. გამოდის, თითო თანამშრომელი თვეში დაახლოებით 2,800 ლარს იღებს. აღსანიშნავია ისიც, რომ კონკურენციის სააგენტოს 2018 წლის შემდეგ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება გაეზარდა, მიუხეადავად იმისა, რომ სააგენტოში დასაქმებულთა რაოდენობა არ გაზრდილა. (2018 წელი - 1,861,500 ლარი, 2019 და 2020წლები - 2,200,000 ლარი). კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარედ, ნოდარ ხადურის გარდაცვალების შემდეგ, ყოფილი ბიზნესომბუდსმენი, ირაკლი ლექვინაძე, 2019 წელს დაინიშნა. სააგენტოში ახალი გუნდის მისვლის მიუხედავად, მათ ჯერ კიდევ ვერ შეძლეს, პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის მიერ 2018 წლის დეკემბერში გაცემული დავალების შესრულება და პურის ფასის გაძვირების მიზეზის დადგენა. “პროცესი მიმდინარეობს” – ასე უპასუხა ლექვინაძემ ჟურნალისტებს პურის ფასის მოკვლევასთან დაკავშირებით. კონკურენციის სააგენტო 2014 წელს შეიქმნა და დღემდე მხოლოდ 1 ჯარიმა აქვს გამოწერილი, მაშინ, როდესაც მათ საწვავის ბაზარი შეისწავლეს. როგორც წესი, სააგენტო შემოსული საჩივრების საპასუხოდ რეაგირებს და თავისი ინიციატივით ისეთ ბაზრებს იკვლევს, სადაც უმრავლეს შემთხვევაში დარღვევებს საერთოდ ვერ პოულობს, რის შემდეგაც მოკვლევას წყვეტს. ამასთან, მიუხედავად, კონკურენციის სააგენტოს მიზანისა, რომ დაცული იყოს ბაზარზე თანასწორუფლებიანობა და კონკურენცია, ხშირად სახელმწიფო შესყიდვები მაღალი კორუფციული რისკის ქვეშ ხორციელდება. სახელმწიფო გვერდს უვლის ტენდერს და მიმართავს გამარტივებული შესყიდვების მეთოდს, რაც კორუფციის რისკებს ზრდის",- ნათქვამია "ფლანგვის დეტექტორის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.