მე შევძელი ეს - ნარმინა ნასიბოვის ბლოგპოსტი

Marneuli Daily

მე 22 წლის ნარმინა ნასიბოვა ვარ, დმანისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი შორეული სოფელი იარღანჩაღიდან. ამჟამად თბილისში ვცხოვრობ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კურსზე ვსწავლობ. დღეს მინდა, ვისაუბრო იმაზე, თუ როგორ ვაქციე ჩემი ცხოვრების ოცნება რეალობად და ასევე იმ სირთულეებზე, რაც გადავლახე. რაც თავი მახსოვს, უმაღლესი განათლების მიღება მინდა. სკოლის პერიოდშიც არ ვსწავლობდი ცუდად. აღსანიშნავია, რომ ჩვენს სკოლაში, სხვა სკოლებთან შედარებით, განათლების დონე საკმაოდ დაბალი იყო. ამის ერთ-ერთი მიზეზი სოფლის ძალიან შორი მდებარეობაა. ამას ემატება სოფლის სკოლაში შესაბამისი სამუშაო გუნდის არარსებობა - რადგან სოფელი ძალიან შორსაა ცენტრიდან, შესაბამისად, ახალ კადრსაც უჭირს ჩამოსვლა და ცხოვრება. ასევე, ადგილობრივი მასწავლებლებიც ასაკოვნები არიან და უკვე უჭირთ მოსწავლეებთან მუშაობა. როგორც ზემოთაც აღვნიშნე, ამ ყველაფერთან ერთად, ჩემი ერთადერთი სურვილი და ოცნება განათლების მიღება იყო და ამისთვის ბევრს ვმუშაობდი ჩემს თავზე. რა თქმა უნდა, ოჯახი მხარს მიჭერდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენი სოფლიდან 2012 წლამდე არავის ჩაუბარებია უმაღლესში, - პირველად იმ წელს ჩააბარა ორმა ახალგაზრდამ. ზუსტად ეს გახდა ჩემთვისაც ბიძგი. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ვცხოვრობდი, არ ვფლობდი ქართულ ენას და ეს ნამდვილად მაშინებდა. ასევე, მათემატიკის, უცხო ენების ანუ რუსული ენის ცოდნაც დაბალ დონეზე მქონდა. რუსულის შემთხვევაში, ბიძასთან გავდიოდი რაღაცებს და ის მასწავლიდა, მათემატიკას სასწავლად კი, მხოლოდ ერთი ვარიანტი - სკოლა მქონდა. ამ მიზეზით, პირველ წელს მათემატიკის საატესტატო გამოცდებზე ჩავიჭერი და ძალიან რთული პერიოდი გავიარე. ერთადერთი სურვილი მქონდა - სიჩუმე და მარტოობა. არ ვიცოდი, რისთვის დამებრალებინა ეს, სუსტი სკოლისთვის, რომელიც ცოდნას არ მაძლევდა, თუ ჩემი თავისთვის. მომდევნო წელს თავიდან მოვემზადე გამოცდებისთვის, ბევრი ვიმეცადინე, რეპეტიტორთან ვიარე და... ყველაფერი შევძელი. როდესაც ვფიქრობდი, რომ ქართულ ენაში ნაკლებ ცოდნას ვფლობდი, იმაშიც კი კარგი ქულა ავიღე. თუმცა, დამერწმუნეთ, ენა მაინც არ ვიცოდი. როდესაც მე-7 კლასში ვსწავლობდი, სკოლაში ქართული ენის ახალი მასწავლებელი მოვიდა. იგი იქცა ჩემი სამომავლო პროფესიის არჩევის მიზეზად, ყველა ჩვენგანისთვის სამაგალითო მასწავლებელი გახდა. ვოცნებობდი, გავმხდარიყავი ისეთი მასწავლებელი, რომ მომავალში მისნაირად მომეპოვებინა მოსწავლეების სიყვარული. რა თქმა უნდა, ჩემი განათლების მიღების სურვილი გარშემო ყველამ თავისებურად გაიგო. სოფელში გავრცელებულია სტერეოტიპი, რომ გოგო სკოლას დაამთავრებს თუ არა, მაშინვე უნდა გათხოვდეს. თუ არ გათხოვდება მანამდე ან შემდეგ, ის სახლში დარჩება. მშობლებს სურთ, გოგო სკოლის დამთავრებამდე კარგ, შემოსავლიან ოჯახს „ჩააბარონ“. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი საკუთარი შვილების მომავალს არა განათლებაში, არამედ შეძლებულ ოჯახში გათხოვებაში ხედავენ. მე განსხვავებული ოჯახი მყავდა. „შენ ვითომ გოგოს განათლებას აძლევ? დაანებე კაცო თავი, უბრალოდ არ იცი, როგორ თქვა არამდიდარ ოჯახზე უარი და ამიტომაც არ ათხოვებ გოგოს, ვითომ სწავლობს“, - ამ სიტყვებს ძალიან ბევრჯერ უმეორებდნენ ჩემს მშობლებს გარშემომყოფნი. საზოგადოებას იმდენად აქვს თვალი დახუჭული გოგოსთვის განათლების მიღების საჭიროებაზე, რომ იგი ამის მნიშვნელობას არ ხედავს. კაცებს საკუთარი ცოლები და გოგონები ექიმთან რომ მიჰყავთ, მხოლოდ ქალი ექიმები უნდათ, რომ გასინჯოს მათი ქალები, თუმცა ამის გააზრება მათთვის ძალიან რთულია, - შენ თუ ამას ითხოვ, მიეცი განათლება შენს შვილს, რომ ისწავლოს და იქნებ შენი გოგო მოხვდეს მომავალში ამ ექიმებს შორის. რაც არ უნდა იყოს, მე ვფიქრობ, რომ თუ გოგონას ოჯახი მხარს უჭერს და თუ მას თავდაჯერებულობა აქვს, ის ყველაფერს შეძლებს. მაშინ შეუძლებელიც არაფერი იქნება. ისურვე და ამ გზას მიჰყევი! წყარო : ფანჯარა