ბორის ჯონსონმა ბრიტანეთში შეზღუდვების შემსუბუქების გეგმა წარადგინა

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=143150 დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნის გეგმა წარმოადგინა. მან მოსახლეობას მოუწოდა დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილებს, თუ სახლიდან მუშაობას ვერ ახერხებენ. როგორც გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა სპეციალური მიმართვისას აღნიშნა, ეს არ ნიშნავს კარანტინის დასრულებას. „ეს არ არის მიმდინარე კვირაში კარანტინის დასრულება. ამის ნაცვლად, ჩვენ დაწესებული ზომების ცვლილებისკენ პირველ ფრთხილ ნაბიჯებს ვდგამთ“, – განაცხადა ჯონსონმა. ბორის ჯონსონის განცხადებით, 13 მაისიდან მოქალაქეები გარეთ სავარჯიშოდ შეუზღუდავი დროით შეძლებენ გასვლას, თუმცა, აუცილებელი იქნება სოციალური დისტანციის დაცვა. პრემიერ-მინისტრი იმედოვნებს, რომ პირველი ივნისიდან აღდგება სასწავლო პროცესი სკოლებში. თავდაპირველად სწავლას განაახლებენ დაწყებითი კლასების მოსწავლეები. მისი თქმით, მომავალში, როდესაც შესაბამისი დრო დადგება, დიდ ბრიტანეთში საჰაერო გზით ჩასული მოქალაქეები კარანტინს გაივლიან. პრემიერის თქმით, ეს დრო მალე დადგება. ამასთან, როგორც პრემიერმა აღნიშნა, შესაძლოა, ივლისიდან ტურისტული ობიექტების ნაწილი გაიხსნას. თუმცა, ეს დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე და მეცნიერთა რეკომენდაციებზე. „მეცნიერება, მონაცემები და საზოგადოების ჯანმრთელობა“ და არა „იმედი ან ეკონომიკური აუცილებლობა“. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ კარანტინის შეზღუდვების ყველა ცვლილება პირობითია და მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. ბორის ჯონსონის თქმით, ვირუსის გავრცელების მაჩვენებლის ზრდის შემთხვევაში, მთავრობა არ იყოყმანებს კარანტინის შემსუბუქების გეგმის დამუხრუჭებაზე. ის დარწმუნებულია, რომ დიდი ბრიტანეთი შეიცვლება ამ გამოცდილებით და შეძლებს, გახდეს უფრო ძლიერი და უკეთესი. „თუმცა, ახლა ჩვენ უნდა ვიყოთ ყურადღებით, ვაკონტროლოთ ვირუსი და გადავარჩინოთ სიცოცხლე“, – განაცხადა ჯონსონმა.