ზუგდიდში დევნილთა ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამს სააღდგომოდ დარიგებული პროდუქტის გამო.
Zugdidi Daily
ზუგდიდში დევნილთა ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამს სააღდგომოდ დარიგებული პროდუქტის გამო.
აფხაზეთის მთავრობის მიერ ორგანიზებული სააღდგომო ნობათი დარიგდა ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე დევნილთა დასახლებაში.
პროდუქტთა სიმცირის გაპროტესტების გამო დევნილთა ნაწილმა, მათთვის დარიგებული 10 ცალი კვერცხი და ერთი პასკა ადგილზე დაყარა.
ქვეყანაში კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა სამუშაო ადგილი დაკარგა, მათ პრუდუქტის შეძენის შესაძლებლობა არ ჰქონდათ. როგორც მრავალშვილიანი ოჯახის წევრები ამბობენ, სააღდგომოდ ელოდებოდნენ მრავალფეროვან კალათას, თუმცა მათ მხოლოდ 10 ცალი კვერცხი და 1 პასკა დაურიგდათ.
დევნილთა დასახლებაში მცხოვრები ერთ-ერთი დევნილი ამბობს :
„სოციალურზე ვართ უმრავლესობა დამოკიდებული. მეორე დღის საჭმელი არაფერი გვაქვს. მადლობა რაც მოიტანეს მაგაზე, მაგრამ როგორ უნდა ვიარსებოთ ? უფრო გაამკაცრონ - არ ვართ წინააღმდეგი, მაგრამ მოგვხედონ, შიმშილი მოგვკლავს თუ კორონა, ჩვენთვის რა მნიშვნელობა აქვს? აქ ვცხოვრობთ სოციალურად დაუცველები, მარჩენალდაკარგული ოჯახები, მარტოხელა დედები, ონკოავადმყოფები - რომ ამბობენ თანხები ირიცხებაო, სად მიდის ეს თანხები?"
რაც შეეხება იმას, დაცული იყო თუ არა რეგულაციები, ამასთან დაკავშირებით მოსახლეობა ამბობს, რომ პროდუქტის დარიგება მიმდინარეობდა ყოველგვარი დისტანციის დაცვის გარეშე. ამას გამოეხმაურა ჰუმანიტარული აქციის ერთ-ერთი პასუხისმგებელი პირი მურმან მალაზონია და განაცხადა, რომ თავიდან დაცული იყო დისტანცია, თუმცა შემდეგ ცოტა აირია. ამაში კი ის პრობლემას ვერ ხედავს.
საადგომო ნობათი დაახლოებით 320 ოჯახს დაურიგდა.
#ზუგდიდი
#თაბუკაშვილისქუჩა
#დევნილთადასახხლება
#სააღდგომონობათი
#პროტესტი
#zugdididaily