ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები-"მოვუწოდებთ ყველა მონაწილეს ჩაერთონ დიალოგში"
Tbilisi Daily
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები ჟენევაში 6-7 ოქტომბერს დაგეგმილი მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის ჩაშლას გამოეხმაურნენ. შესაბამისი განცხადება ეუთოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები წუხილს გამოთქვამენ იმის გამო, რომ ჟენევაში 6-7 ოქტომბერს დაგეგმილი მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის გამართვა შეუძლებელი გახდა, ვინაიდან ყველა მონაწილემ ვერ შეძლო დასწრება“, - ნათქვამია განცხადებაში.
ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები აცხადებენ, რომ მოლაპარაკებების 51-ე რაუნდის ჩატარება 2020 წლის დეკემბრის დასაწყისში იგეგმება.
„ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ პირისპირ შეხვედრები უკიდურესად მნიშვნელოვანია უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინციდენტების თავიდან ასაცილებლად და ჰუმანიტარულ საჭიროებებზე რეაგირებისთვის, განსაკუთრებით ისეთ დროს, როდესაც რეგიონში შემაშფოთებელი მოვლენები ვითარდება და მთელ მსოფლიოში COVID19-ის პანდემიაა.
განზრახული გვაქვს, გავაგრძელოთ ვირტუალური და შესაძლებლობის შემთხვევაში, პირადი კონსულტაციები ყველა მონაწილესთან, მოლაპარაკებების 51-ე რაუნდისთვის მოსამზადებლად, რომელიც გადაიდო 2020 წლის დეკემბრის დასაწყისისთვის. ამ კონსულტაციების დროს, ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ ყველა მონაწილეს, ჩაერთონ კონსტრუქციულ დიალოგში და ითანამშრომლონ კონფლიქტურ საკითხებზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოება და გაუმჯობესდეს ცხოვრების დონე“, – ნათქვამია განცხადებაში.
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები მოუწოდებენ მონაწილეებს, დაიწყონ მომზადება, რომ მოლაპარაკებები, რაც შეიძლება მალე გაიმართოს.
„ჩვენ ჟენევის დისკუსიებისადმი ყველა მონაწილის ერთგულების იმედი გვაქვს და მოვუწოდებთ ყველას, დაიწყონ მომზადება, რათა მოლაპარაკებები რაც შეიძლება მალე შედგეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 50-ე რაუნდი 2019 წლის 10 დეკემბერს გაიმართა.