გერმანიის ეკონომიკის მინისტრი: ნაწილობრივი ლოკდაუნი შესაძლოა 2021 წლის გაზაფხულამდე გაგრძელდეს
Tbilisi Daily
გერმანიაში ნაწილობრივი ლოკდაუნი შესაძლოა 2021 წლის გაზაფხულამდე გაგრძელდეს, იმ შემთხვევაში თუ ქვეყანა კორონავირუსის გაკონტროლებას ვერ შეძლებს, - ამის შესახებ გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, პიტერ ალტრმაიერმა ადგილობრივი გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც Reuters-ი იუწყება, მინისტრის თქმით, გერმანიის დიდ ნაწილში 100,000 მოსახლეზე 50 ინფიცირების შემთხვევა ფიქსირდებოდა.
„ჩვენ წინ ზამთრის 3-4 გრძელი თვე გველოდება და შესაძლებელია, რომ შეზღუდვები 2021 წლის პირველ თვეებშიც შენარჩუნდეს“, - განაცხადა ალტმაიერმა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გერმანიაში ახალი კორონავირუსის დიაგნოზი კიდევ 21,695 ადამიანს დაუდგინეს, 379 ინფიცირებული კი ვირუსს ემსხვერპლა.
სულ ქვეყანაში კოვიდინფიცირების 1,028,089 შემთხვევა გამოვლინდა, 15,965 ადამიანი გარდაიცვალა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.