ქობულეთის უწყლოდ დარჩენილი სოფლები - მოსახლეობას წყლის მოპოვება ჭებიდან უწევს

Pirveliradio Ge

ქობულეთის ოთხ სოფელს ექვსი წელია, წყალი არ აქვს - ხელისუფლებამ ბიუჯეტიდან ამ პრობლემის მოსაგვარებლად 4 მილიონ ლარზე მეტი გამოყო, რაც საბოლოოდ გაიფლანგა, შედეგი კი დღემდე არ ჩანს. უწყლობით შეწუხებული მოსახლეობა დღეს ქუჩაში გამოვიდა და რეგიონის მთავრობისგან მათი პრობლემის მოგვარება ითხოვა. ჯერჯერობით უცნობია, რაში დაიხარჯა 4 მილიონ ლარზე მეტი თანხა, რომელიც უწყლობის პრობლემის გადასაჭრელად გამოიყო. ამ დრომდე დაბა ოჩხამურის, ცეცხლაურის, წყავროკასა და ჯიხანჯურის 2 500-ზე მეტ ოჯახს სასმელი წყალი არ მიეწოდება. დღის განმავლობაში მათ მხოლოდ ტექნიკური წყალი მიეწოდებათ და ისიც მხოლოდ რამდენიმე საათით. მოსახლეობას წყლის სახლამდე მიტანა რამდენიმე კილომეტრით დაშორებული ჭაბურღილებიდან უწევს. "საინი რომ მორეცხო, იმაზე ვერ დაასხამ საჭმელი რომ ჭამო. ჭა გვაქვს ეზოში და იმით ვსარგებლობთ, თუ მოგვიწია, " - ამბობს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მცხოვრები. მოსახლეობამ არაერთხელ მიმართა ადგილობრივ ხელისუფლებას, თუმცა კონკრეტული პასუხები ვერ მიიღეს. ოპოზიცია აცხადებს, რომ საქმე გვაქვს კორუფციასთან. ოთხი სოფლის მოსახლეობა დღეს ქობულეთის მერთან შეხვედრას აპირებს. მათ აინტერესებთ კონკრეტული პასუხი - როდის ექნებათ სასმელი წყალი. "მთავარი არხი"