ნორვეგიის ხელისუფლება რუსეთის საელჩოს 15 თანამშრომლის ქვეყნიდან გაძევებას ითხოვს

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ნორვეგიამ პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა ოსლოში რუსეთის საელჩოს 15 თანამშრომელი. ნორვეგიის მთავრობის ვებგვერდზე ისინი დასახელებულნი არიან დაზვერვის ოფიცრებად, რომლებიც ახორციელებდნენ დიპლომატიურ სტატუსთან შეუთავსებელ საქმიანობას. მათ ქვეყანა უნდა დატოვონ. ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანნიკენ ჰუიტფელდმა გაძევებას უწოდა "მნიშვნელოვანი ნაბიჯი რუსეთის სადაზვერვო საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლისა და შემცირების მიმართულებით." შეტყობინებაში მოსკოვი ოსლოსთვის ჯაშუშური საფრთხის მთავარ წყაროდ სახელდება. ცალკე აღნიშნულია, რომ ქვეყანა "მიესალმება" დიპლომატებს რუსეთიდან, მაგრამ არ დაუშვებს დაზვერვის აგენტების დიპლომატიურ საფარქვეშ მუშაობას. 2022 წლის აპრილში ნორვეგიამ უკვე გამოაცხადა სამი რუსი დიპლომატი არასასურველ პირებად. დაზვერვისთვის მუშაობაში ბრალდებული რუსული დიპლომატიური მისიების თანამშრომლების მასობრივი გაძევება ევროპის ქვეყნებში დაიწყო გასული წლის თებერვლიდან, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. მოსკოვს ნორვეგიიდან თავისი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილების შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია. ტრადიციულად, რუსეთი გაძევებას სარკისებურად უპასუხებს. ამ შემთხვევაში ეს 15 ნორვეგიელი დიპლომატის გაძევებას გულისხმობს. https://www.radiotavisupleba.ge/a/32362450.html

Source: radiotavisupleba.ge