"ყველა არჩეულმა პოლიტიკურმა პარტიამ მანდატი უნდა მიიღოს, პარლამენტში შევიდეს "
Tbilisi Daily
საქართველოში მხარეებმა პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავალი უნდა იპოვონ, რათა ამომრჩეველთა ნების პატივისცემა იყოს უზრუნველყოფილი, - ამის შესახებ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელებმა განაცხადეს.
„კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული სერიოზული გამოწვევების მიუხედავად, 31 ოქტომბერს საქართველოს ორ მილიონამდე მოქალაქე საარჩევნო უბნებზე მივიდა, რათა საკუთარი ხმა დაეფიქსირებინათ. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა ამ არჩევნების მნიშვნელობისა და დემოკრატიისადმი ძლიერი ერთგულების დასტური იყო“, - განაცხადა ეუთოს სპეციალურმა კოორდინატორმა და მოკლევადიანი საარჩევნო მისიის ხელმძღვანელმა, ელონა ჯებრეა ხოჯამ.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (oscepa) ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ელონა ჯებრეა ხოჯამ ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საჩივრების განხილვის ინკლუზიური პროცესის უზრუნველყოფა.
„ასეთი პროცესი კრიტიკულად მნიშვნელოვანია ბოლო წლების განმავლობაში განვითარებული საარჩევნო პროცესებისადმი ქართველი ამომრჩევლის ნდობის შესანარჩუნებლად. ახლა, როდესაც ეს პროცესი დასრულდა, ყველა არჩეულმა პოლიტიკურმა პარტიამ მანდატი უნდა მიიღოს, პარლამენტში შევიდეს და მუშაობა ინსტიტუციების ფარგლებში განაგრძოს“, - განაცხადა ელონა ჯებრეა ხოჯამ.