აშშ მხარს უჭერს ევროკავშირთან უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს შემდგომ ინტეგრაციას
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
აშშ მხარს უჭერს ევროპელ მეზობლებთან უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს შემდგომ ინტეგრაციას. ამის შესახებ განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნედ პრაისმა. მას ვაშინგტონში, 21 ივნისს გამართულ ბრიფინგზე ჰკითხეს, მაშინ, როცა ევროკომისიის რეკომენდაციაა უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიცემა და საქართველოსთვის - ევროპული პერსპექტივის, მიაჩნია თუ არა, რომ საქართველოც იმსახურებს ამ გზაზე მხარდაჭერას.
სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, ყველა ეს ქვეყანა ბოლო ათწეულებია გამოხატავს დასავლეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთობების და დაახლოების სურვილს და აშშ სამივე ქვეყანასთან მუშაობდა, რათა დახმარებოდა დემოკრატიული ინსტიტუტების, კონტროლისა და ბალანსის სისტემის და ევროპასა და დასავლეთთან ინტეგრირებული ეკონომიკის განვითარებაში და ამ მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს.
ნედ პრაისის განცხადებით, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დეტალები და ვადები ევროკავშირის და მისი წევრი სახელმწიფოების გადასაწყვეტია.
17 ივნისს, ევროკომისიამ გამოაქვეყნა რეკომენდაციები, რომელთა თანახმად, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ ევროპული პერსპექტივა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად შეფასდეს ქვეყნის მიერ შესაბამისი პირობების შესრულება. ევროკომისიის რეკომენდაციებს თან ახლავს სამივე ქვეყნის მიერ შესასრულებელი პირობების ჩამონათვალი.
ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს მიერ შესასრულებელ 12 პირობას შორისაა პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა, ინსტიტუტების გამართულად მუშაობა და მათი დამოუკიდებლობა, სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ელიტური კორუფციის შემთხვევების ეფექტიანად გამოძიება, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი მედიაგარემო და ა.შ.
საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები მიიღებენ ბრიუსელში, 23-24 ივნისს დაგეგმილ სამიტზე.
რუსეთთან ომში მყოფმა უკრაინამ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 28 თებერვალს წარადგინა. 3 მარტს ეს გააკეთეს საქართველომ და მოლდოვამაც. უკრაინაში ომის დაწყებამდე, "ქართული ოცნების" მთავრობა ევროკავშირის წევრობის განაცხადის წარდგენას 2024 წელს აპირებდა.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31909369.html
Source: radiotavisupleba.ge