Post
Tbilisi Daily
ვინ არის პოლიტპატიმარი?
ცნება „პოლიტპატიმარი“ XIX საუკუნის მეორე ნახევარში ჩნდება რუსეთის სახალხო-რევოლუციონერთა წრეში. მოგვიანებით ეს ტერმინი მყარად დამკვიდრდა თითქმის ყველა სახელმწიფოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. 1960-იან წლებში ავტორიტეტულ არასამთავრობო ორგანიზაციას „საერთაშორისო ამნისტიას“ (Amnesty International) დაევალა პოლიტპატიმრის ზუსტი დეფინიციის დადგენა. „საერთაშორისო ამნისტიის“ განსაზღვრებით, „პოლიტპატიმარი – ეს არის ნებისმიერი პატიმარი, რომლის საქმეშიც არსებობს პოლიტიკური ელემენტი, იქნება ეს ამ პატიმრის ქმედების მოტივაცია, თვითონ ქმედება თუ ხელისუფლების მოტივაცია“.
„პოლიტპატიმრის“ განსაზღვრება 2001 წელს ევროსაბჭოში გენერალური მდივნის დამოუკიდებელმა ექსპერტებმაც შეიმუშავეს. მათ პირის პოლიტიკურ პატიმრად მიჩნევისათვის აუცილებელ წინაპირობად პატიმრობის მთლიანად ან ნაწილობრივ პოლიტიკურად მოტივირებულობა დაასახელეს.
საქართველოს კანონმდებლობით, ან სხვა რაიმე ოფიციალური დოკუმენტით პოლიტპატიმრის დეფინიცია დადგენილი არ არის, თუმცა იგი 2012 წლის 3 ოქტომბერს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ განსაზღვრა. ასამბლეის (PACE) მიღებული რეზოლუციის თანახმად, ადამიანი შეიძლება ჩაითვალოს პოლიტიკურ პატიმრად, თუ:
- მისი დაკავება დაკავშირებულია აზრის, სიტყვის, შეკრების თავისუფლებების და სხვა იმ მუხლების დარღვევასთან, რომლებიც გაწერილია ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში;
- პირის დაკავებას არ აქვს კავშირი სისხლის სამართლის დანაშაულთან, არამედ დაპატიმრებულია აშკარა პოლიტიკური მიზეზებით;
- პატიმრობის ხანგრძლივობა და პირობები არათანაზომადია იმ დანაშაულისა, რომელზეც მას ედავებიან;
- პირს თავისუფლება აღუკვეთეს სხვა პირებთან შედარებით დისკრიმინაციულ საფუძველზე;
- მისი დაკავება არის აშკარად უსამართლო გამოძიებების შედეგი და დაკავშირებულია ხელისუფლების პოლიტიკურ მოტივებთან.
აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ყველაფრისა პოლიტპატიმრის ზუსტი განსაზღვრება და კრიტერიუმები დღემდე არ არსებობს. მიიჩნევა, რომ ტერმინი უფრო პოლიტიკურ კატეგორიას მიეკუთვნება, ვიდრე სამართლებრივს. ევროპელი და ამერიკელი ექსპერტები ცდილობენ „პოლიტპატიმრის” ცნებისთვის და „პოლიტიკური დევნისთვის” უნივერსალური განმარტების პოვნასა და კრიტერიუმების დახვეწას.
#პოლიტპატიმარი
#ევროსაბჭო
#კანონი
#საქართველო
#მსოფლიო
#tbilisidaily
#politics