ქარტია POS TV-ზე: იქმნება შთაბეჭდილება, რომ რუსული კანონის მიზნებს ახლა ეს მედია ასრულებს
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია "ხალხის ძალის" ერთ-ერთი წევრის ტელეკომპანიას, POS TV-ს ახსენებს მედიის როლს. ქარტიის განცხადებაში წერია, რომ მედიის როლი არ არის კონკრეტული პირების მიმართ მადისკრედიტირებელი კამპანიის წარმოება; მედია ხელს არ უნდა უწყობდეს სიძულვილის გაღვივებასა და საზოგადოების პოლარიზებას.
"პარლამენტის მხრიდან რუსული კანონის მეორე მოსმენით ჩაგდების შემდეგ, ტელეკომპანია POSTV-მ დაიწყო მადისკრედიტირებელი კამპანიის წარმოება იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც აღნიშნული კანონის მიღებას აპროტესტებდნენ. იქმნება შთაბეჭდილება, რომ რუსული კანონის მიზნებს ახლა სწორედ ეს მედია ასრულებს. ამასთან, არის დისკუსიები, რომლის მიზანიც მხოლოდ ევროსკეპტიციზმის გაზრდაა მოსახლეობაში...
მედია სწორედ იმით გამოირჩევა ყველა სხვა ნებისმიერი პირისგან, რომ იგი ხაზს უსვამს საკუთარ თავს, როგორც ინფორმაციის გამავრცელებელ საშუალებას, ასეთად აღიქმება საზოგადოების მიერ და არსებობს მოლოდინი, რომ იგი პატივს სცემს საზოგადოების უფლებას, მიიღოს სწორი და გადამოწმებული ინფორმაცია", - წერია განცხადებაში.
ტელეკომპანიამ რამდენიმე დღის წინ მომზადებულ სიუჟეტში ფაშისტური უწოდა საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებას. ყოფილი სახალხო დამცველი 10 მარტს "ფეისბუკში" გამოქვეყნებულ განცხადებაში წერდა, რომ ის ადამიანები, ვინც მხარი დაუჭირა "რუსულ კანონს", დემოკრატიული სამყაროს პირისპირ მარტო დარჩნენ.
"ჰოდა, რა მინდოდა მეთქვა, ჩემო ნაცნობო დეპუტატებო "ქართული ოცნებიდან", ვინც მიეცით ხმა იმას, რომ თქვენი მეგობრები, მეზობლები, ყოფილი კოლეგები, ნათესავები და ზოგისთვის ოჯახის წევრებიც კი აგენტებად და ქვეყნის მტრებად გამოგეცხადებინათ და ამით ისინი დევნისა და ტერორისთვის გაწირეთ..." - წერდა ლომჯარია.
ამავე პოსტში მან "რუსული პროპაგანდისტული საშულაბები" უწოდა ტელეარხებს: "იმედი", "პოსტ ტვ" და "ალტ ინფო". POSTV-მ ეს პოსტი ბრალდებად აღიქვა და ამ განცხადებაზე, მის მომწონებლებზე და გამზიარებლებზე მასალა მოამზადა.
მასალა განახლდება
https://www.radiotavisupleba.ge/a/32325929.html
Source: radiotavisupleba.ge