ოკუპირებულ გალის რაიონში ხანძარია

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონში საგანგებო სიტუაციაა ბუნებრივი ხანძრების გამო. ამის შესახებ სააგენტო „აფსნიპრესი“ იუწყება. გალის სახანძრო სამსახურის უფროსის, ემირ ზუხბაიას ინფორმაციით, ცეცხლის კერებია რამდენიმე სოფელსა და ქალაქ გალის შემოგარენში. ზუხბაიას თანახმად, ადგილობრივი მეხანძრეების დასახმარებლად რაზმები გამოიძახეს ოჩამჩირიდან და გულრიფშიდან. ხანძრის რამდენიმე ათეული კერა 4 იანვარს, მინდვრებში გაჩნდა ოკუპირებული აფხაზეთის მოსაზღვრე სამეგრელოს რეგიონშიც. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ წუხელ გამოქვეყნებული მონაცემებით, 40 აქტიური კერიდან 28 ლიკვიდირებული იყო და 2 ლოკალიზებული. სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს 161 მეხანძრე-მაშველის გარდა, ადგილზე მობილიზებულია თბილისის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის, გურიის და აჭარის მეხანძრე-მაშველების 90 კაციანი ჯგუფი და 20 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა. სამეგრელოს გარდა, ეკალბარდს ცეცხლი გაუჩნდა იმერეთის და გურიის რამდენიმე სოფელშიც. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, მეხანძრე-მაშველებს ხანძრების ლიკვიდაციაში ხელს უშლიდა ძლიერი ქარი და მშრალი ამინდი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მოსახლეობას მოუწოდა, თავი შეიკავონ მინდვრებსა და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან, რადგან ამან შესაძლოა, გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე ტყის მასივებზე.   https://www.radiotavisupleba.ge/a/31033923.html #ახალი_ამბები #twitter