აჭარაში კორონავირუსი ჯერ-ჯერობით დამარცხებულია
Batumi Daily
აჭარაში კორონავირუსი ჯერ-ჯერობით დამარცხებულად შეიძლება ჩაითვალოს. გუშინ, 23 მაისს, კლინიკა "მედალფადან' გამოწერეს ბოლო ორი პაციენტი. პაციენტები კორონავირუსს მკურნალობდნენ, მათი გამოწერის შემდეგ კი აჭარაში ინფიცირების აქტიური შემთხვევა აღარ არის.
ასევე, დიდი ხნის განმავლობაში არ შეიმჩნევა ახალი ინფიცირების შემთხვევებიც - 30 აპრილიდან მოყოლებული, ბათუმში შიდა გადაცემა შეწყდა. შესაბამისად, ამ მომენტისთვის კორონავირუსი აჭარაში დამარცხებულია.
გუშინ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ აჭარამ "მწვანე ზონის" სტატუსი დაიბრუნა. "მწვანე ზონის" სტატუსი საშუალებას იძლევა ვივარაუდოთ, რომ აჭარაში დასვენება უსაფრთხოდ შეიძლება.
კორონავირუსის არსებული პოზიტიური დინამიკა შეიძლება, ნებისმიერ მომენტში შეიცვალოს როგორც უკეთესი, ასევე უარესი სცენარისკენ. ეპიდემიოლოგებს უჭირთ, პანდემიის ზუსტ დინამიკაზე ისაუბრონ, რადგან სამედიცინო სამყარო ვაქცინის ან სამკურნალო მეთოდის შექმნას ელოდება. რაც შეეხება ეკონომიკურ მხარეს, პანდემიამ საქართველოს ეკონომიკური ზრდა ისედაც დააზარალა, ზარალის ზუსტი რიცხვი კი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სწრაფად და უსაფრთხოდ გაიხსნება საქართველოში ტურისტული ინდუსტრია.
საერთაშორისო საზღვრები 1 ივლისს უნდა გაიხსნას, შიდა ტურიზმი კი - 15 ივნისს. პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი 15 ივლისამდე აძლევს საშუალებას მთავრობას, შეზღუდვები საგანგებო მდგომარეობის გარეშეც შემოიღოს. შესაბამისად, ამ დღემდე მეტი შეზღუდვის დაწესება გამორიცხული არ არის. არ განახლდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმოსვლაც (ამაში მატარებელიც შედის). უცნობია, რამდენად შეიძლება 15 ივნისს გაიხსნას შიდა ტურიზმი, თუ მინიმუმ, რკინიგზით სარგებლობა არ აღდგა.
Photo: Dream Tour Geo
#კორონავირუსი #აჭარა #ბათუმი #მწვანე_ზონა #batumidaily