დავით სერგეენკო: ოპოზიციას კიდევ აქვს შანსი, რომ საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობა მიიღოს

Tbilisi Daily

თუკი ისე მოხდა, რომ პარლამენტში არ იქნება ოპოზიცია, ეს ნამდვილად არ იქნება კარგი და არ იქნება ნორმალური ვითარება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან, ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, დღეს ოპოზიციამ დაკარგა იმის შანსი, რომ მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში მოეგო. „თუმცა, რჩება შესაძლებლობა პროპორციული სიებით და თუკი ამ დღეების განმავლობაში მოხერხდება ამ მოლაპარაკებებში თანხმობის მიღწევა, ოპოზიციას კიდევ აქვს შანსი, რომ საპარლამენტო ცხოვრებაში მიიღოს მონაწილეობა,“ - განაცხადა სერგეენკომ. სერგეენკოს თქმით, დღეს არჩევანი გააკეთა ქვეყნის სასარგებლოდ, რომელიც გამოწვევებთან გამკლავებას შეძლებს. „მე დღეს არჩევანი გავაკეთე იმ ქვეყნის სასარგებლოდ, რომელიც შეძლებს გამოწვევებს გაუმკლავდეს, იმ ქვეყნის სასარგებლოდ, რომელიც შეძლებს, რომ სტაბილურ პოლიტიკურ ვითარებაში იმუშაოს ქვეყნის განვითარებისთვის,“ - განაცხადა სერგეენკომ. მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური 17 ოლქში ტარდება. არჩევნების პირველ ტურში 13 ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს. რაც შეეხება პროპორციულ სისტემას, ცესკოს ინფორმაციით, ბიულეტენების 100%-ის დათვლის შემდეგ შედეგები ასეთია: „ქართული ოცნება“ - 48,22%; „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ - 27,18%; „ევროპული საქართველო“ - 3.79%; „ლელო“ – 3,16%; „პატრიოტთა ალიანსი“ – 3,14%; „სტრატეგია აღმაშენებელი“ –3,15 %; „გირჩი“ – 2,89%; „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,33%; „ლეიბორისტული პარტია“ – 1%. დანარჩენ პარტიებს ამომრჩეველთა ხმების ერთ პროცენტზე ნაკლები აქვთ. საერთაშორისო დამკვირვებლებმა დაადასტურეს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე ფუნდამენტური თავისუფლებები და პროცედურების უმეტესობა დაცული იყო.