ორბელიანის სასახლეში დროშის აწევის ცერემონიალი გაიმართა

Tbilisi Daily

საქართველოს პრეზიდენტმა სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით ორბელიანის სასახლეში დროშის აწევის ცერემონიალი გამართა. პრეზიდენტმა ეს დღე მიულოცა ახალგაზრდებს, ბავშვებს, ყველას ვინც 30 წელია სახელმწიფო დროშის ქვეშ ცხოვრობს, ჯარსა და ემიგრანტებს. "მინდა ეს დღე მივულოცო ახალგაზრდებს, ბავშვებს, ყველას, ვინც უკვე 30 წელია ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო დროშის ქვეშ ცხოვრობს; ვისაც არ ახსოვს ის დრო, როცა ამ ქვეყანაში სხვა ქვეყნის დროშა ფრიალებდა - ეს უდიდესი ბედნიერებაა! საქართველოს სახელმწიფო დროშა ჩვენი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების სიმბოლოა! ეს დღე მინდა მივულოცო ჩვენს ჯარს! ჯარს, რომელიც სწორედ ამ დროშის ქვეშ იცავს ჩვენს ტერიტორიას, ჩვენს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას, რომელიც საზღვარგარეთ, საერთაშორისო მისიებში ამაყად ატარებს ამ სიწმინდეს! ეს დღე მინდა მივულოცო ჩვენი ქვეყნის გარეთ მცხოვრებ ემიგრაციას და საელჩოებს. მინდა ეს დღე მოგილოცოთ თქვენ, პოლიციელებო, მაშველებო, მეხანძრეებო, ექიმებო, მედპერსონალო! მივულოცო ყველა იმ ადამიანს, ყველა იმ პროფესიონალს, რომელიც დღეს იცავს ჩვენს საზოგადოებას, ეს მართლაც უდიდესი ღვაწლია ამ ქვეყნისთვის და ეს დროშა ამის სიმბოლოცაა! მინდა ყველას მოგიწოდოთ ამ დროშის პატივისცემისკენ, რამეთუ, დროშის პატივისცემა ჩვენი თავის, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი კულტურისა და ტრადიციების პატივისცემაა. ამ ერთ სიმბოლოში თავმოყრილია ჩვენი წარსული და ძალა ჩვენი მომავლისა! ამიტომ ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანი დღეა", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა. სახელმწიფო დროშის დღე მოსახელობას მიულოცა პრემიერმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოს დროშა თითოეულ ჩვენგანში პატრიოტულ სულისკვეთებას და უდიდეს სიამაყეს იწვევს. „ჩვენი სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი უმთავრესი სიმბოლო, საქართველოს დროშა, თითოეულ ჩვენგანში პატრიოტულ სულისკვეთებას და უდიდეს სიამაყეს აღძრავს. მასში ჩატეულია ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ისტორია, ის ღირებულებები და მისწრაფებები, რომლებსაც ყოველთვის დავიცავთ.“ - წერს გიორგი გახარია სოციალურ ქსელში. ინფორმაციისთვის, სახელმწიფო დროშის დღე პირველად 2012 წლის 14 იანვარს აღინიშნა. დღესასწაული საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მიღების დღეს აღინიშნება. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე,სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს. #ახალიამბები #საქართველო #დროშა #პრეზიდენტი #GeorgiaDaily