თსუ-ის რექტორმა გიორგში შარვაშიძემ აკადემიურ საბჭოს გადადგომის მოთხოვნით მიმართა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს გადადგომის შესახებ მიმართა რექტორმა გიორგი შარვაშიძემ. როგორც ის წერს „ფეისბუკზე" გამოქვეყნებულო განცხადებაში, გადაწყვეტილება დიდი ხნით ადრე მიიღო, რის შესახებაც საუნივერსიტეტო საზოგადოება ინფორმირებული იყო.
„ჩემი გადაწყვეტილების შესახებ საბჭოს ვაცნობე მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის მიერ ჩვენი უნივერსიტეტის ინსტიტუციური შეფასების შედეგი და სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები.
მე ღრმად მწამს, რომ ჩვენი უნივერსიტეტი განვითარების იმ ევროპულ გზაზე სვლას, რა გზასაც დღეს ადგას, კვლავ ღირსეულად გააგრძელებს.
დაბოლოს, მიხარია, რომ ვარ 300 000 კურსდამთავრებულს შორის ერთ-ერთი და რომ მრავალი წელი ვხელმძღვანელობდი რეგიონში პირველ უნივერსიტეტს. ერთხელ უნივერსიტეტელი, მუდამ უნივერსიტეტელია. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მომავალი საქმიანობა უკავშირდება საერთაშორისო ურთიერთობებს, ვრჩები უნივერსიტეტის პროფესორად და დიდ გულშემატკივრად", - ნათქვამია განცხადებაში.
შარვაშიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მეორე ვადით ხელმძღვანელობს. მან რექტორის თანამდებობა 2016 წელს დაიკავა.
გასულ წელს, “თავისუფლების მონიტორის” ჟურნალისტურმა გამოძიებამ გამოააშკარავა, რომ შარვაშიძემ საკუთარ დისერტაციაში სიტყვასიტყვით გადაიტანა ექსპერტთა ჯგუფის მიერ მომზადებული დოკუმენტის ტექსტი - 40 გვერდი ისე, რომ წყარო არ მიუთითა.
გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ, თსუ-ს პროფესორმა, იაგო კაჭკაჭიშვილმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს მიმართა, შეესწავლათ, მართლაც იყო თუ არა რექტორის ნაშრომი პლაგიატი. ილიაუნიმ პლაგიატი დაადასტურა. რექტორმა და უნივერსიტეტმა კი უარყვეს.
იაგო კაჭკაჭიშვილი ხმამაღლა გამოხატავდა პროტესტს და სვამდა კითხვებს, რის გამოც, მისი მტკიცებით, წინააღმდეგობებს შეეჩეხა - მათ შორის, „აკადემიური კეთილსინდისიერების დარღვევის” დადგენა. კაჭკაჭიშვილი - რომელიც წლებია თსუ-ს სოციოლოგიის მიმართულებას ხელმძღვანელობს - გიორგი შარვაშიძეს შურისძიებაში ადანაშაულებს, რადგან ის პლაგიატის გამო გააკრიტიკა.
აკადემიური საბჭოს წევრი, ალექსანდრე კუხიანიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ პლაგიატის გარშემო შარვაშიძესთან გასაუბრებაზე კითხვები არ დასმულა.
"ამაზე დღეს არ ყოფილა საუბარი. პლაგიატის საკითხი რამდენიმე თვის წინ იყო განხილული", - ამბობს კუხიანიძე.
აკადემიური საბჭოს წევრებმა კითხვები დასვეს შარვაშიძის კონცეფციის გარშემო, კორპუსების რემონტზე, დაფინანსებაზე, კოვიდ-19-ის პრობლემაზე და ა.შ.
თსუ-ის განვითარების შარვაშიძისეული კონცეფციის თანახმად, მისი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში უნივერსიტეტის მთავარი საზრუნავი იქნება ინტერნაციონალიზაცია და ევროპისა და მსოფლიოს აკადემიურ ქსელში მჭიდრო ინტეგრირება. ასევე:
სტუდენტზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნა; სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლება;
სამეცნიერო-სასწავლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება;
ინოვაციების ხელშეწყობა და ინდუსტრიასა და ბიზნესთან ურთიერთობების გაღრმავება;
სასწავლო სამეცნიერო და ადმინისტრაციულ მუშაობასთან დაკავშირებული პროცესების ავტომატიზება;
ადამიანური რესურსების განვითარებისა და მათი შეფასების მექანიზმების დახვეწა;
ახალგაზრდა კადრების მოზიდვა;
სტუდენტური სერვისების სრულყოფა;
სახელფასო პოლიტიკის მოწესრიგება;
უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალ მოდელზე მუშაობის გაგრძელება;
პროფესიული განათლების უმაღლეს განათლებასთან კავშირის მხარდაჭერა.
რექტორს ირჩევს 37 წევრისგან შემდგარი აკადემიური საბჭო. ხმის მიცემა ფარულია. არჩევნები ჩატარებულად ითვლება თუ მასში მონაწილეობს საბჭოს წევრების ნახევარზე მეტი.
https://www.radiotavisupleba.ge/a/32070092.html
Source: radiotavisupleba.ge