გიორგი გახარიას თქმით, არაეფექტური საგადასახადო შეღავათები გადაიხედება
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, გიორგი გახარია აცხადებს, რომ ქვეყანაში არსებობს არაეფექტური საგადასახადო შეღავათები, რომლის გადახედვაც ეკონომიკური კრიზისის პერიოდში მნიშვნელოვანი იქნება. ამის შესახებ მან ფრაქცია "ქართულ ოცნებასთან" პრეზენტაციაზე ისაუბრა.
"ჩვენ მოგვიწევს ბევრი ისეთი საგადასახადო შეღავათის გადახედვა, რომლის ეფექტიანობაც დიდი ხანია კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ბიზნესიც და მოქალაქეებიც ამას გაგებით უნდა მოეკიდონ. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია დღეს სახელმწიფოს შეზღუდული რესურსების თანაბრად და ეფექტიანად გამოყენება. ამიტომ საგადასახადო შეღავათების ეფექტიანობა იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი სამთავრობო პროგრამის, ფისკალური კონსოლიდაციის და საერთოდ საგადასახადო დისციპლინის ხარისხის გაუმჯობესების", - თქვა გახარიამ.
საქართველოს პარლამენტში ბოლო რამდენიმე დღეა მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. მათ უკვე მოუსმინეს კომიტეტებში. ამ პროცესში ოპოზიცია ჩართული არ არის. მათ მიაჩნიათ, რომ არჩევნები, რომლის შედეგებითაც "ქართულმა ოცნებამ" უმრავლესობით გაიმარჯვა, გაყალბებულია.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31014825.html
#ახალი_ამბები
#twitter