იაგო ხვიჩია: ისე ჩავასწოროთ შედეგები, რომ არჩევნების მეორე ტურს აზრი ჰქონდეს

Tbilisi Daily

იაგო ხვიჩიას აზრით, შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი რთული და გრძელვადიანი პროცესია და ის არჩევნების შედეგების იმგვარად ჩასწორებით უნდა დაიწყოს, რომ მეორე ტურში წყდებოდეს, ვინ დარჩება და ვინ წავა ხელისუფლებიდან. „გირჩის“ წევრის განმარტებით, სწორედ ამის შემდეგ უნდა იზრუნოს პარლამენტმა რიგგარეშე ვადამდელი არჩევნების ჩატარებაზე. მისი თქმით, საპარლამენტო არჩევნებმა პოლიტიკური ტემპერატურა ვერ დაწია. „ამიტომ ყველას ვთავაზობთ გამოსავალს, ისე ჩავასწოროთ ახლა შედეგები, რომ მეორე ტურს ჰქონდეს აზრი, ქვეყანაში ვინ რჩება და ვინ არა მთავრობაში, წყდებოდეს არჩევნების მეორე ტურზე, ამით ჩვენ პირველი ტურის რაღაცნაირ რეაბილიტაციას განვახორციელებთ, მაგრამ არა სრულს. ამის შემდეგ, როცა ეს პარლამენტი ასეთი ფორმით შეიკრიბება, მთავარი, რაზეც უნდა იზრუნოს ამ პარლამენტმა, არის ის, რომ ჩაატაროს რიგგარეშე, ვადამდელი არჩევნები, ამ არჩევნების ლეგიტიმაციის მიღება შეუძლებელია. ხელისუფლებამ უნდა დაინახოს, რა მიქარა, ჩვენ შევთავაზეთ გამოსავალი, რომელიც ყველა მხარეს სახის შენარჩუნების საშუალებას აძლევს. თუ მეორე ტურს ჩავატარებთ წესიერად, „ქართული ოცნების“ უპირატესობა ვერ იქნება ისეთი, რომ მან ერთპიროვნული მმართველობა მიიღოს“, - განაცხადა ხვიჩიამ. საარჩევნო უბნებზე ხმების 100% დათვლილია. შედეგები ასეთია: „ქართული ოცნება“ - 48,22%; „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ - 27,18%; „ევროპული საქართველო“ - 3.79%; „ლელო“ – 3,16%; „პატრიოტთა ალიანსი“ – 3,14%; „სტრატეგია აღმაშენებელი“ –3,15 %; „გირჩი“ – 2,89%; „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,33%; „ლეიბორისტული პარტია“ – 1%. რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, მათ ამომრჩეველთა ხმების ერთ პროცენტზე ნაკლები აქვთ. საერთაშორისო დამკვირვებლებმა დაადასტურეს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე ფუნდამენტური თავისუფლება და პროცედურების უმეტესობა დაცული იყო. საერთაშორისო დამკვირვებლებმა დაადასტურეს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე ფუნდამენტური თავისუფლება და პროცედურების უმეტესობა დაცული იყო. ოპოზიციურმა პარტიებმა კი ოფიციალური დოკუმენტი მიიღეს და ხელმოწერით დაადასტურეს, რომ პარლამენტში არ შევლენ.