“ჩვენ ვნახეთ ძალიან ბევრი ჩავარდნა დემოკრატიული სისტემების”-თავდაცვის მინისტრი და დასავლელი ლიდერები
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141806
მაშინ როცა ვაშინგტონი და მსოფლიოს ლიდერები ღიად ადანაშაულებენ ჩინეთს კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, ინფორმაციის დამალვასა და გავრცელებაში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჩინეთის სახელმწიფოს ქმედებებს წარმატებულად აფასებს.
ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ "უპრეცედენტო ზომები რომელიც ჩინეთმა გაატარა იყო წარმატებული".
აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი, ჩინეთს უწონებს სამოქმედო გეგმას, როდესაც მსოფლიო კრიტიკის შემდეგ, აღნიშნულმა ქვეყანამ კოვიდ19-ით გარდაცვლილთა მაჩვენებელი შეცვალა და 40 პროცენტით გაიზარდა.
"ჩვენ ვნახეთ ძალიან ბევრი ჩავარდნა დემოკრატიული სისტემების, ისეთი ძლიერი სახელმწიფოების როგორიცაა იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი. ახლა უკვე ვხედავთ, რომ ჩაერთო პლანეტის ყველაზე ძლიერი სახელმწიფოც და არის უკიდურესად რთული ვითარება.
მანამდე იყო ჩინეთი, პრაქტიკულად თითქმის ორი თვის განმავლობაში სრული "ლოგ დაუნი", სრული კარანტინის პირობებში გაატარა და ჩვენ ვნახეთ უპრეცედენტო ზომები რომელიც ჩინეთმა გაატარა და აღმოჩნდა შემდეგ, რომ ეს უპრეცედენტო ზომები იყო წარმატებული,"-განაცხადა ღარიბაშვილმა.
მანამ, სანამ ქვეყნის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი აღნიშნულ განცხადებას გააკეთებდა, მსოფლიო ლიდერების კრიტიკა და აღშფოთება ჩინეთის ქმედებებზე ყოველდღიურად ვრცელდება მედიაში.
ერთ-ერთია მაგალითად საქართველოს მთავარი პარტნიორი ქვეყნის აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადება, სადაც მან აღნიშნა, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტია მსოფლიოს ინფორმაციას კვლავ უმალავდა, რაც შემდგომი შემთხვევების თავიდან არიდებაში სჭირდებოდათ.
25 მარტს გაკეთებული განცხდება: "მე შეშფოთებული ვარ - ინფორმაციის დამალვა, დეზინფორმაცია, რაშიც ჩინეთის კომუნისტური პარტიაა ჩართული, [ის] კვლავ უარს ეუბნება მსოფლიოს იმ ინფორმაციაზე, რაც სჭირდება, რათა შემდგომი დაავადების შემთხვევები თავიდან ავირიდოთ".
ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ ჩინეთის მიერ კორონავირუსის გავრცელებასთან გამკლავებაზე ბევრი კითხვა არსებობს და ბევრი რამ მოხდა, "რაზეც არაფერი ვიცით".
Financial Times-თან ინტერვიუში მან თქვა, რომ მიამიტურია გვჯეროდეს, რომ ჩინეთი უკეთ უმკლავდება კრიზისს. "ამ განსხვავებების გათვალისწინებით - გადაწყვეტილებების, რომელიც ჩინეთმა მიიღო, და იმის, რაც ჩინეთში დღეს ხდება - მიამიტები არ უნდა ვიყოთ და ვთქვათ, რომ უკეთ უმკლავდებიან კრიზისს. ჩვენ არ ვიცით. აშკარად, მოხდა რაღაცები, რაც არ ვიცით."
ჩინეთის კრიტიკას არც გაერთიანებული სამეფო ჩამორჩა,ბრიტანეთის საიდუმლო სადაზვერვო სამსახურის (SIS/MI6) ყოფილმა ხელმძღვანელმა, ჯონ სოუერსმა, განაცხადა, რომ ჩინეთმა ახალი კორონავირუსის გავრცელებაზე ინფორმაცია მთელ მსოფლიოს დაუმალა. მისი შეფასებით, უკეთესი იქნება, თუ პასუხისმგებლობას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაზე მეტად ჩინეთს დააკისრებენ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან, ამ დრომდე ჩინეთის პანდემიასთან ბრძოლის ტაქტიკის შეფასება არ ყოფილა.