ალეკო ელისაშვილი: მივსულიყავით ელჩებთან დღეს, თუ "ოცნება" რამეს თმობს, თმობს იმ მაგიდასთან

Tbilisi Daily

მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიცია დღეს შეკრებისა და მემორანდუმზე ხელმოწერის ნაცვლად ისევ ელეჩებთან უნდა შეკრებილიყო და მოლაპარაკება გაეგრძელებინა. "იქ შეკრების მაგივრად მივუსლიყავით ელჩებთან დღეს დილით და გაგვეგრძელებინა ის ლაპარაკი. თუ რამეს თმობს ქართული ოცნება, თმობს იმ მაგიდასთან", — განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ბაღში შეკრებილი არიან, საპარალამენტო მანდატებზე უარს ამბობენ და ამის შესახებ განცხადებას ხელს საჯაროდ აწერენ. ოპოზიციური პარტიებიდან ადგილზე არ არის ალეკო ელისაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ არც პარლამენტში შედის და არც განცხადებას აწერს ხელს. როგორც ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, მემორანდუმი არის სამი ნაწილისგან შემდგარი და შემდეგი შინაარსის: "პირველი არის ხელმოწერილი დოკუმენტი იმ დეპუტატების მიერ, რომლებიც დე-ფაქტო შესული არიან პარლამენტში, ანუ მათ მოაწერეს ხელი, რომ ისინი უარს აცხადებენ დეპუტატის მანდატზე, მეორე ეს გახლავთ, ასევე დე-ფაქტო პარლამენტში შესული პარტიების ხელმძღვანელი პირების ხელმოწერა სიების ჩახსნასთან დაკავშირებით, მესამე არის სრულიად ოპოზიციური სპექტრის, როგორც ფორმალურად ბარიერგადალახული, ასევე, ფორმალურად ბარიერგადაულახავი პარტიების ხელმოწერები იმასთან დაკავშირებით, რომ ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, სოლიდარობას ვუცხადებთ და ვითხოვთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს".