„მიშა ჩამოდი“ ბანერების გამოჩენის შემდეგ, „ლელომ“ და „მოქალაქეებმა“ ბათუმის აქცია დატოვეს
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ოპოზიციური პარტიების, „ლელოსა“ და „მოქალაქეების“ წარმომადგენლებმა დატოვეს ბათუმში მიმდინარე საერთო ოპოზიციური საპროტესტო აქცია მას შემდეგ, რაც დემონსტრაციაზე გაჩნდა ფურცლები წარწერით „მიშა ჩამოდი“.
ალეკო ელისაშვილის პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენელმა რადიო თავისუფლებას დაუდასტურა, რომ აქცია სწორედ აღნიშნული ბანერების გამო დატოვეს. მისი თქმით, ოპოზიციის შეთანხმების თანახმად, დემონსტრაცია ზეპარტიული უნდა იყოს და არ უნდა ჟღერდებოდეს მოწოდება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მისამართით.
„ლელოში“ რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ განმარტებას მოგვიანებით გააკეთებენ.
დემონსტრანტების ნაწილის მიერ აქციის დატოვების შემდეგ, აქციის მონაწილეების მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა გიორგი ბარამიძემ და თქვა: „მიშა უნდა ჩამოვიდეს!“
აქციაზე სკანდირებენ - „მიშა! მიშა!“
„მიშა ჩამოდი“, „ვითხოვ მიშას“ - ამ წარწერებით ფურცლების გამოჩენას 14 ნოემბერს, თბილისის აქციაზე, უკმაყოფილება მოჰყვა რიგი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტებისგან.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30951292.html
#ახალი_ამბები
#twitter