თენგიზ ცერცვაძე: „რემდესივირის“ შემოტანაზე ხელშეკრულებას ხელი გუშინ მოეწერა

Tbilisi Daily

საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატ „რემდესივირს“ დაახლოებით ორ კვირაში მიიღებს. ამის შესახებ კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ „პირველი არხის“ ეთერში საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მედიკამენტის მოწოდებაზე მწარმოებელ კომპანიასთან ხელშეკრულებას ხელი 30 ნოემბერს მოეწერა. როგორც ინფექციონისტმა აღნიშნა, „რემდესივირი“ ეფექტიანობის 100%-იანი გარანტიის მქონე პრეპარატად არ განიხილება. „მიუხედავად იმისა, რომ „რემდესივირზე“ განსხვავებული მოსაზრებები არსებობს, მაგალითად ამერიკაში მას ოფიციალურად მისცეს რეკომენდაცია ყველა კოვიდინფიცირებულის სამკურნალოდ, ამერიკის ნაციონალურმა ინსტიტუტებმა თავის გაიდლაინში ოფიციალურად შეიტანა და უწევს რეკომენდაციას. ამავდროულად, ჯანმო-მ არ შეიტანა თავის გაიდლაინში და ამბობს, რომ „რემდესევირმა“ საკმარისი ეფექტურობა ვერ აჩვენა. „რემდესივირი“ არ განიხილება, როგორც 100%-იანი გარანტიის მქონე მედიკამენტი, თუმცა უკეთესი დღეს არ არის. ამიტომ ჩვენმა ქვეყანამ გადაწყვიტა, რომ შემოეტანა „რემდესივირი“, მისი შემოტანა მოხდება. როგორც ვიცი, გუშინ მოეწერა ხელი სამთავრობო ხელშეკრულებას, სადღაც ორ კვირაში მოხდება მისი შემოტანა“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ. მისი განმარტებით, „რემდესივირი“, ბოლო დაზუსტებით, ჟანგბადდამოკიდებული პაციენტებისთვის იქნება საჭირო. „მინდა, დავაზუსტო, რომ შემდეგში არაჯანსაღი მოლოდინები არ იყოს – „რემდესივირი“ ბოლო მონაცემებით და რეკომენდაციებით ნაჩვენებია ჟანგბადდამოკიდებული პაციენტებისათვის, ანუ ვისაც აქვს სუნთქვის გაძნელების პრობლემები ადრეულ სტადიაზე, როდესაც ვირუსის გავრცელების რეფლიკაცია ჯერ კიდევ ხდება, რადგან ეს არის ანტივირუსული მედიკამენტი. ხოლო დაგვიანებულ სტადიაზე, როდესაც ვირუსის რეფლიკაცია, ასე ვთქვათ, დამთავრებულია და სხვა ფაქტორები გამოდის წინა პლანზე, იქ „რემდესივირი“ სამწუხაროდ არაეფექტურია“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ. ინფექციონისტის თქმით, აღნიშნულის გათვალისწინებით, „რემდესივირის“ საქართველოში გამოყენებასთან დაკავშირებით პროტოკოლში გარკვეული ცვლილებები შევა.