ვაზისუბანში მომხდარი ავარიის ფაქტზე, რომელსაც მოზარდი ემსხვერპლა, ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავეს

Tbilisi Daily

გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი რ.მ. დააკავეს, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 3 ნოემბერს გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე საკუთარი ავტომანქანით მოძრავი რ.მ. შეეჯახა მოპედს, რომელსაც 14 წლის მოზარდი მართავდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოპედის მძღოლი გარდაიცვალა, ხოლო მისი მგზავრი, 9 წლის მოზარდი მიღებული დაზიანებებით საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი“ - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მომხდართან დაკავშირებით, დაინიშნა სხვადასხვა ექსპერტიზა, მათ შორის - დაკავებული პირის სიმთვრალე-სიფხიზლის დადგენის მიზნით. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რომელიც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას იმ პირის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.