ბრიტანეთი უკრაინას დამატებით კიდევ 20 ერთეულ შორსმსროლელ ჰაუბიცას გადასცემს
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
დიდმა ბრიტანეთმა ბელგიური იარაღის კომპანიისგან შეიძინა და შეაკეთა 20-ზე მეტი შორმსროლელი M109 მოდელის თვითმავალი ჰაუბიცა, რომელსაც ის უკრაინას გაუგზავნის.
"ჩვენ განვათავსებთ ოცზე მეტ 155 მილიმეტრიან თვითმავალ ჰაუბიცას, რომლებიც მსოფლიო ბაზარზე შევიძინეთ, ჩვენ გავარემონტეთ ისინი და ისინი დაიწყებენ უკრაინაში ჩასვლას. მათ სროლის გაცილებით გრძელი დიაპაზონი აქვთ, ვიდრე 152 მილიმეტრიანებს",-განუცხადა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა, ტელეკომპანია Sky News-ს.
მისი თქმით, რუსეთი აღემატება უკრაინას საარტილერიო ცეცხლის თვალსაზრისით ზოგიერთ შემთხვევაში თანაფარდობით 20-ი 1-თან, მაგრამ მოკავშირეები იწყებენ უკრაინის უზრუნველყოფას გრძელვადიანი საარტილერიო და სარაკეტო სისტემებით, რაც მის ძალებს უპირატესობის მოპოვების საშუალებას აძლევს.
ბენ უოლესმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის ძალები მალე შეძლებენ მიაღწიონ "მნიშვნელოვან პროგრესს ქვეყნის აღმოსავლეთში."
მანამდე დიდმა ბრიტანეთმა აშშ-თან შეათანხმა გადაწყვეტილება, უკრაინას გადასცეს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები М270. გაერთიანებული სამეფოს არმიის შეიარაღებაში არსებული ეს სარაკეტო სისტემა ამერიკული წარმოებისაა.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრ ბენ უოლესის განცხადებით, უკრაინის მხარდაჭერა უნდა იცვლებოდეს რუსეთის ტაქტიკის შეცვლის გათვალისწინებით და დღეს, უკრაინას თავის დასაცავად სწორედ სარაკეტო სისტემები სჭირდება.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დაემუქრა დასავლეთს, რომ რუსეთი უკრაინაში ახალ სამიზნეებზე დარტყმებით უპასუხებს მის განზრახვას, კიევს გადასცემს შორ მანძილზე მოქმედების შეიარაღება.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31901527.html
Source: radiotavisupleba.ge