კობახიძის თქმით, 2018 წელს ზურაბიშვილი წინასწარ გააფრთხილეს „აგვისტოს ომზე“ განცხადება არ გაეკეთებინა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის 2018 წლის საპრეზიდენტო კამპანია გაიხსენა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „პირველი არხის“ ეთერში. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დაახასიათა სალომე ზურაბიშვილის მოქმედება საარჩევნო კამპანიის დროს და აღნიშნა რომ გაფრთხილების მიუხედავად, კანდიდატის რანგში მან გააკეთა ომთან დაკავშირებული განცხადება.    „ეს იყო საარჩევნო კამპანია, რომლის გახსენებაც არ მინდა. უმძიმესი იყო. არ გვიჯერებდა მაშინაც. როდესაც კანდიდატი არ მოგყვება კამპანიაში, ამ შემთხვევაში ძალიან მძიმეა კამპანიის წარმართვა. ტექნიკური საკითხები, რომ ავიღოთ, იქაც კი არ მოგვყვებოდა - კლიპის გადაღებაში. აქცია იყო დასაორგანიზებელი და უარს ამბობდა მოსვლაზე და ა.შ. ანუ ჩვენ რაც გვქონდა პიარული გეგმა იმაში არ მოგვყვებოდა. ჩვენ გვქონდა პიარული გამოძიება. მერე იყო კონკრეტული განცხადებები, რაზეც წინასწარ ვაფრთხილებდით, რომ არ უნდა გაეკეთებინა და მაინც გააკეთა, სამწუხაროდ. მაგალითად, ომთან დაკავშირებული განცხადება. ჯერ პირველი განცხადება გააკეთა, მერე მოგვიწია ამის შელამაზება. ოპოზიცია პირადად მეც შემეხო, სხვათა შორის, კარგად შეალამაზაო, არ ეკუთვნოდა, მაგრამ მაინცო და მერე მეორე ისეთი დაემატა [სალომე ზურაბიშვილმა], რომელიც რთულად შესალამაზებელი იყო“, - განაცხადა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ. ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველ გუნდს, რომც ეფიქრა ზურაბიშვილის კანდიდატურის შეცვლაზე, ვადა უკვე გასული იყო. სალომე ზურაბიშვილმა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დროს ილაპარაკა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ. „ჯერ ერთი, უნდა ვიყოთ ტერმინებში სწორი. მე ყოველთვის ვამბობდი და ვამბობ, რომ ომი დაიწყო საუკუნის წინ რუსეთმა. ჩვენ იმ დროს ჩავერთეთ რუსეთის პროვოკაციაში და წავედით ამ საომარ ვითარებაში, საქართველომ დაიწყო [2008 წელს] ეს ნაწილი ამ საომარი ვითარების. ეს არის ყველასთვის ცნობილი და ოფიციალური ვერსია, რასაც ევროკავშირი ადასტურებდა, ჩვენ ამას არ გადავხედავთ", - თქვა ზურაბიშვილმა.  https://www.radiotavisupleba.ge/a/31901614.html

Source: radiotavisupleba.ge