ვმსჯელობთ ახალი კორონავირუსის სწრაფი ტესტირებით დადგენაზე - თამარ გაბუნია

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=139176# ვმსჯელობთ ახალი კორონავირუსის სწრაფი ტესტირებით დადგენაზე - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ერთ კვირაში გახდება ცნობილი, გამოიყენებენ თუ არა ახალი კორონავირუსის გამოსავლენად სწრაფ ტესტებს. მისი ქმით, მათ ხშირად მიმართავენ მოქალაქეები, რომელთაც კორონავირუსის სიმპტომები არ აქვთ, თუმცა ტესტირება სურთ. გაბუნია ამბობს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ასიმპტომურ პირებში არ იძლევა ტესტების გამოყენების ინსტრუქციას იმ მეთოდით, რომლითაც დღეისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსის ტესტირება და დადგენა ხდება. „ამიტომ ჯერჯერობით ჩვენ ისევ ვრჩებით შემთხვევის სტანდარტულ განმარტებაზე და მკაცრად მივყვებით ამ განმარტებას, თუმცა, მიმდინარეობს მსჯელობა სწრაფი ტესტების დანერგვაზე“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ. მან ასევე აღნიშნა, რომ მთავრობა ელოდება იმ ქვეყნების გამოცდილებას, რომლებმაც სწრაფი ტესტირება პრაქტიკაში დანერგეს. „სამხრეთ კორეის გამოცდილება ამ თვალსაზრისით საინტერესოა. როგორც კი გვექნება ამ მიმართულებით ჩამოყალიბებული სურათი, რა ადგილი შეიძლება დაიკავოს სწრაფმა ტესტებმა ჩვენი ეპიდემიის კონტროლში, პროტოკოლი შესაბამისად შეიცვლება. თუმცა, გარკვეული რისკები ცრუ დადებით - ცრუ უარყოფითი პასუხებიდან გამომდინარე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაუსაბუთებელი შფოთვა, ეს ყველაფერი გასათვალისწინებელია. ამიტომ სანამ არ გაიმართება სრულად ეს საკითხი, ჩვენ სწრაფ ტესტირებას ჯერჯერობით არ დავიწყებთ, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება ძალიან მალე იქნება მიღებული“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.