ოცნება ონკანებში წყლის გამოჩენაზე
Tbilisi Daily
ქობულეთელებისთვის ცხოვრება განსაკუთრებით გაუსაძლისი ზაფხულის ცხელ დღეებში ხდება.
რამდენიმე სოფლის მოსახლეობას სასმელი წყალი დღემდე ან საერთოდ არ მიეწოდება, ან – დაუდგენელი პერიოდულობით, დღეში ერთი-ორი საათით და ისიც დასალევად უვარგისი. მოსახლეობა გამშრალ ონკანებში წყლის გამოჩენას წყალობასავით ელოდება. "დასალევი წყალი, ფაქტობრივად, არ არის. რამდენჯერ განცხადება შევიტანეთ მერიაში, გვპირდებიან და არაფერი. რამდენიმე წელია ასე ვართ. 21-ე საუკუნეში წყალი არ გვეძლევა. ნარგავები გვაქვს, სარწყავი წყალი არ არის. ყველაფერს წყალი უნდა. წვიმის იმედად ვართ. ვის მოვთხოვოთ? ვისაც მოვთხოვეთ, ყურადღება არ მოგვაქცია და ვართ ასე.“– ამბობენ უწყლობით შეწუხებული ადგილობრივები.
კლიმატის ცვლილება, გვალვები, დებეტის სიმცირე - სიტყვები მოსახლეობამ უკვე ზეპირად იცის. მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა ყოველთვის გრაფიკითა და დებეტის ნაკლებობით იმართლებს თავს. არადა ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად ასეულობით ათასი ლარი წყლის სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციას, ჭაბურღილებისა და სათავე ნაგებობების მოწყობას, ფილტრების შეძენასა და სოფლების წყლით უზრუნველყოფის მიზნით განხორციელებულ სხვა პროექტებს ხმარდება. ქობულეთის არაერთ სოფელში მოსახლეობა სასმელად და საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის საჭირო წყალს ყველა სახის ჭურჭელში იმარაგებს, რაც შეიძლება ბევრს. წყალს ეზიდებიან წყაროებიდან, ჭებიდან, მდინარეებიდან. მოსახლეობამ, სხვადასხვა დროს სხვადასხვა სოფელში არაერთი აქცია ჩაატარა, მაგრამ მდგომარეობა დღემდე უცვლელი რჩება - ადგილობრივები კვლავ ონკანებში წყლის გამოჩენაზე ოცნებობენ.