„ძალის პოლიტიკაზე“ ორიენტირებული სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობები - ნაწილი I

Interworld

სომხეთ-აზერბაიჯანს შორის, ჩრდილო-აღმოსავლეთ სასაზღვრო მონაკვეთზე გასულ კვირას მომხდარი შეტაკებები 2016 წლის აპრილში მომხდარი ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური იყო. ამასთან, წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებს სრულმასშტაბიანი რეგიონული ომის სახე არ მისცემია. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ფართომასშტაბიანი კონფლიქტის დაწყების ალბათობა საკმაოდ დაბალია, რადგან მისი თანმდევი შედეგების დადგენა, ოფიციალური ერევნისა და ბაქოს პოლიტიკური ელიტისთვის სავარაუდოდ ცნობილია, რომ აღარაფერი ითქვას რეგიონის სხვა აქტორებზე. აქვე, ერთის მხრივ სომხეთი და აზერბაიჯანი ბოლო წლების მანძილზე აქტიურად ყიდულობენ შეიარაღებას და მზად არიან ომის საწარმოებლად, მაგრამ მეორეს მხრივ, ჩასატარებელი სამხედრო ოპერაციების სპეციფიკა, მოწინააღმდეგის თავდაცვითი მზადყოფნა და არსებული იარაღის შემადგენლობა ართულებს საომარი მოქმედებების დაწყებას. ეს იმას ნიშნავს, რომ ორივე მხარეს არსებული მოცემულობა საკმარისი არ იქნება სრული წარმატებების მისაღწევად ან სომხეთისთვის, ან აზერბაიჯანისთვის. გასულ კვირას მომხდარი სასაზღვრო შეტაკებები - ეს არის კონკრეტული ეპიზოდი იმ ეთნიკურ კონფლიქტში, რომელიც მთიანი ყარაბაღის რეგიონის სტატუსის გამო დავას უკავშირდება. საბჭოთა პერიოდში, ზემოხსენებული ტერიტორია აზერბაიჯანის სსრ-ის შემადგენლობაში შედიოდა, როგორც ავტონომიური ერთეული, მაგრამ ის ძირითადად ეთნიკურად სომხებით იყო დასახლებული. რეგიონის კუთვნილების თაობაზე წამოწყებული დავა სრულმასშტაბიან ომამდე მივიდა, რომელიც 1994 წელს, ზავის ხელშეკრულებით შეჩერდა. ამჟამად მთიანი ყარაბაღის რეგიონი და დამატებით, მის გარშემო არსებული 7 რაიონი სომხური სამხედრო ძალების კონტროლქვეშ იმყოფება. ოფიციალური ბაქოს (ასევე საერთაშორისო დოკუმენტებით) პოზიციით ტერიტორია ოკუპირებულია. თავის მხრივ, სომხეთი მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობას არ ცნობს, მაგრამ მისი უსაფრთხოების გარანტად აღიარებს თავს. შესაბამისად, რეგიონის ბიუჯეტი და არმია მჭიდროდაა ინტეგრირებული ოფიციალურ ერევანთან. ძალთა დაპირისპირება სომხეთისა და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების შესახებ ზუსტი, გადამოწმებული ინფორმაცია ღია არხებით რა თქმა უნდა არ მოიპოვება. ორივე მხარე მაქსიმალურად ცდილობს არ გაამჟღავნოს მათ ხელში არსებული შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის რაოდენობა, მასშტაბები და დიაპაზონი. არსებულ მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ სომხურ მხარეს მისი სამხედრო ტექნიკა მთიანი ყარაბაღის რეგიონშიც აქვს განლაგებული და ამის შესახებ კიდევ უფრო ნაკლებია ცნობილი. სსრკ-ის დაშლისა და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შემდეგ, სომხეთსა და აზერბაიჯანს შეიარაღებაში მოძველებული იარაღი „დარჩათ“ და მხოლოდ ამის შემდეგ განხორციელებული შესყიდვები განსაზღვრავდა თითოეული ზემოხსენებული ქვეყნის საბრძოლო ეფექტურობას. ამ ტიპის ეფექტურობა 2016 წლის „ოთხდღიანი ომის“ სახელით ცნობილი აპრილის კონფლიქტის შედეგებით შეიძლება შეფასდეს. მომხდარი შეტაკებების დროს, სხვადასხვა წყაროთა ცნობით სომხურმა მხარემ 500-დან 800 ჰექტარამდე ტერიტორიაზე დაკარგა კონტროლი მთიან ყარაბაღში. 2016 წლის კონფლიქტის დროს, ნათლად გამოჩნდა, რომ სომხური შეიარაღება მკვეთრად ჩამორჩებოდა აზერბაიჯანულს. ეს ეხებოდა არამხოლოდ რაოდენობას, არამედ ხარისხსაც. აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) მონაცემებით, 2014 წელს აზერბაიჯანმა მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 5,1% სამხედრო საჭიროებებზე დახარჯა, ხოლო სომხეთმა მშპ-ის 4,29%. მომდევნო წლებში რა თქმა უნდა ეს რიცხვები მზარდი იყო, მაგრამ მხარეთა შორის არსებული თანაფარდობა იგივენაირი დარჩა - ბაქო უფრო აქტიურად იარაღდებოდა, ვიდრე ერევანი. ეს განსაკუთრებით შესამჩნევი ავიაციის სფეროში გახდა, რადგან საბრძოლო საფრენი აპარატების კუთხით უპირატესობა აზერბაიჯანს აქვს. ტანკები და თვითმფრინავები იმის გამო, რომ დაზუსტებული ცნობები არ არსებობს, რაოდენობრივი შედარება საკმაოდ „უხეშია“; ამგვარად, 2016 წელს შესაძლებელი გახდა იმის თქმა, რომ აზერბაიჯანს 314-დან 750 ერთეულამდე ტანკი ჰყავს; სომხეთს 100-დან 166 ერთეულამდე; აზერბაიჯანის კუთვნილი ჯავშანმანქანების რაოდენობა 1100-დან 1500-მდეა, ხოლო სომხეთის 140-დან 636-მდე; რაც შეეხება მძიმე საარტილერიო სისტემას, აზერბაიჯანს 240-დან 469-მდე ერთეული ჰყავს, სომხეთს 150-დან 240-მდე. „რეგულარული შეიარაღების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეესტრში მითითებულია, რომ 2006 წლიდან 2011 წლამდე პერიოდში აზერბაიჯანს უკრაინიდან 27 ერთეული MiG-29-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავი მიეწოდა, ხოლო ბელარუსიდან 11 ერთეული SU-25-ის ტიპის მოიერიშე საფრენი აპარატი. აღნიშნულ რეესტრში მითითებული მონაცემები მხოლოდ ამ ორივე სახელმწიფოსგან მიწოდებულ ანგარიშს ეყრდნობა. დამატებით, აზერბაიჯანმა უკრაინიდან 12 ერთეული Mi-24-ის ტიპის მოიერიშე ვერტმფრენი მიიღო, ხოლო 2013 წელს, 25 ერთეული, სავარაუდოდ Mi-35-ის ტიპის მოიერიშე ვერტმფრენი, რომელიც Mi-24-ის ღრმად მოდერნიზებული ვერსიაა. გარდა ამისა, რუსეთიდან აზერბაიჯანში კიდე 12 ერთეული დაუდგენელი ტიპის ვერტმფრენი გადაიტანეს. გაეროს რეესტრის სომხურ ნაწილში ნათქვამია, რომ 2004 წელს, ოფიციალურმა ერევანმა სლოვაკეთიდან 10 ერთეული SU-24-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი მიიღო და 2004 და 2010 წლებში უკრაინიდან 4 ერთეული სასწავლო-საბრძოლო L-39S. ამავე წყაროს ცნობით, 2016 წელს, აზერბაიჯანმა 482 ერთეული ტანკი შეიძინა, მათ შორის 162 ერთეული T-90 ტიპის ტანკი რუსეთიდან. 2013 წელს, კრემლმა 35 ერთეული ტანკის სომხეთში გაგზავნის შესახებ განაცხადა. რეესტრის მიხედვით, 2016 წლისთვის აზერბაიჯანმა დაახლოებით 400 ერთეული ჯავშანტექნიკა შეიძინა, სომხეთმა კი 110 ერთეული. ასევე ოფიციალურმა ბაქომ 900 ერთეული საარტილერიო სისტემა, ხოლო ერევანმა 12 ერთეული შეიძინა. ყველა ეს მონაცემები ზუსტ რიცხვებს არ ასახავს, არამედ მიახლოებითია - რადგან ორივე სახელმწიფოს შეიარაღებაში აქვს საბჭოთა პერიოდის დროინდელი იარაღიც. არსებული ინფორმაციით, სომხურ მხარეს კონფლიქტის ზონაში 300-დან 400-მდე ტანკი ჰყავს განლაგებული, რომელთაგან 250 ერთეული კონკრეტულ მთიან ყარაბაღშია დისლოცირებული. გაგრძელება მომდევნო ნაწილში... მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. #Armenia #Azerbaijan #conflict #military #situation #weapons #budget #interworld ______________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com