როგორ ჩავირიცხოთ ამერიკულ უნივერსიტეტში VI: მოხალისეობა
Batumi Daily
ერთ-ერთ წინა ნაწილში მე მოგიყევით, რომ კლასგარეშე აქტივობებს, ანუ სპორტს, ხელოვნებასა და მოხალისეობას თქვენს აპლიკაციაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. საქართველოში ყველაზე ნაკლებად ვლაპარაკობთ ამაზე, ამერიკაში კი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია მოხალისეობა. ამიტომ, ჩვენი სტატიების სერიის დასასრულისკენ ზუსტად მოხალისეობაზე მინდა გავამახვილო ყურადღება.
რა არის მოხალისეობა (volunteering)? მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის ნებისმიერი რამ, რასაც გააკეთებთ ანაზღაურების ან რამე სარგებლის მიღების გარეშე. მხოლოდ იმისთვის, რომ ვიღაცას დაეხმაროთ. ასე, მოხალისეობაა ისიც, რომ მოხუცებულს ქუჩის მეორე მხარეს გადაიყვანთ და ისიც, რომ "წითელი ჯვრის" აქტივობებში ჩაერთვებით.
რატომ ექცევა მოხალისეობას დიდი ყურადღება? მოხალისეობა აჩვენებს, რომ თქვენ 1) გაქვთ სურვილი, საზოგადოებაში რამე უკეთესობისკენ შეცვალოთ. 2) თქვენი შესაძლებლობის ფარგლებში უკვე ცვლით რაღაცას, რაც არ მოგწონთ და 3) გაქვთ პოტენციალი, "change maker"-ი, ანუ ცვლილების ინიციატორი გახდეთ.
როგორ ჩავერთოთ მოხალისეობაში? ძალიან მარტივად. შეგიძლიათ, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს დაუკავშირდეთ. მაგალითად, წითელ ჯვარს, საერთაშორისო გამჭვირვალობას, ან თუნდაც მერიის ახალგაზრდულ ცენტრს. მოხალისეობის შესაძლებლობები ჩვენს გარშემო ბევრია, თუ ყურადღებით მოვძებნით.
რა ვქნათ, თუ აჭარის მაღალმთიან სოფელში, ან სხვა ნაკლებად დასახლებულ რეგიონში ვცხოვრობ? ბუნებრივია, მოხალისეობისთვის ბათუმში ჩამოსვლა ყოველთვის კარგი იდეა არაა. პირიქით, მაღალმთიან აჭარაში მოხალისეობა გაცილებით უკეთესია თქვენი თემისთვისაც და თქვენთვისაც. დაეხმარეთ ადგილობრივი სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილების შემდეგ, ჩაატარეთ ტრენინგი, წაუკითხეთ წიგნი ბავშვებს, წამოიწყეთ მოუგვარებელი პრობლემის გადასაჭრელი ინიციატივა - შესაძლებლობა გაცილებით ბევრია იქ, სადაც მას ნაკლებად ეძებენ.
როგორ აღვრიცხოთ მოხალისეობა? კარგი იქნება, თუ ჩავიწერთ: რა, სად, როდის, როგორ, რატომ და რამდენი ადამიანისთვის გავაკეთეთ. ვიყოთ რაც შეიძლება კონკრეტულები. დავწეროთ ისიც, რამდენი საათი და რა დროის მონაკვეთში ვაკეთებდით ამ აქტივობას. ზუსტი და ეფექტური აღწერა კოლეჯში წარმატებისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც უშუალოდ აქტივობა.
განათლება ამერიკა აჭარა უნივერსიტეტი
batumidaily