ვინ მასპინძლობდა სტალინის საიდუმლო შეხვედრებს იმერეთში?
Kutaisi Daily
იმ ხანად, რევოლუციონერი სოსო ჯუღაშვილი საიდუმლო შეკრებებს ქუთაისშიც ხშირად მართავდა, ეს შეხვედრები ძირითადად ჭომაში, ბერუჩაშვილების ოჯახში იმართებოდა.
ქუთაისის ბოტანიკური ბაღის დამაარსებლისა და პირველი დირექტორის არჩილ გეგენავას ქალიშვილი მარინე იხსენებს: „დიდ ბაბუას სიმონ გეგენავას ერთადერთი ვაჟი ჰყავდა- პროკოფი, რომელიც დაქორწინებული იყო მარიამ შოთაძეზე, ისინი ჭომაში, თეთრ ქვებთან ცხოვრობდნენ, სწორედ ბერუჩაშვილების მეზობლად. ერთ დღესაც გაიგეს, რომ ბერუჩაშვილები ვიღაცამ გასცა. პროკოფიმ, რომელსაც დუქანი ჰქონდა ჯაჭვის ხიდთან, ბიჭი გაუგზავნა მეუღლეს და შეატყობინა, რომ რევოლუციონერების კრება მათ სახლში გაიმართებოდა და სტუმრების დასახვედრად მომზადებულიყო. მართლაც, მოსულ სტუმრებს მარიამ ბებია ოთახში შეძღოლია, ნაბადი და ყაბალახი ჩამოურთმევია, კრების შემდეგ კი ვახშმითაც გამასპინძლებია მათ.
წვერგაუპარსავი სოსო თურმე ცოტას ჭამდა და ნაკლებად საუბრობდა. ეს სტუმრობები მომავალშიც გაგრძელებულა. პროკოფი გეგენავას ოჯახმა სულ მცირე 5-ჯერ მაინც უმასპინძლა სტალინსა და მის თანამოაზრეებს. როგორც მარინე გეგენავა აღნიშნავს, სტალინის ეს სტუმრობა იღბლიანი არ გამომდგარა, პროკოფი მალე გარდაცვლილა და მარიამ შოთაძეს ხუთი მცირეწლოვანი შვილი და ქმრის მოხუცი მშობლები დარჩენია მოსავლელად. გეგენავები მდიდრები იყვნენ და ამიტომ წითლებმა ისინი გააკულაკეს- მიწები ჩამოართვეს და დუქანიც წაართვეს. მიუხედავად ამისა, მარიამ შოთაძეს არასდროს გამოუყენებია თავისი კეთილდღეობის შესანარჩუნებლად სტალინის სახელი, როგორც მაღალი რანგის შთამომავალს, მას სძულდა ბოლშევიკები. როდესაც სტალინის კულტი გაჩნდა, ბერუჩაშვილების სახლზე მემორიალური დაფა საზეიმოდ გაიხსნა. მამაჩემმა- არჩილმა განაცხდა, რომ სტალინი მათი სახლის ხშირი სტუმარიც იყო, დაგეგმეს კიდევ დაფის გახსნა გეგენავების სახლზეც, მაგრმ მარიამ შოთაძემ იუარა: „ სტალინის კულტი მალე დაემხობა, ჩემს სახლს კი არავის დავანგრევინებო“. მართლაც, ნიკიტა ხრუშოვმა მისი წინასწარმეტყველება მალევე აახდინა.
მიუხედავად ყველაფრისა, მარიამმა ბოლშევიკების სიძულვილი შვილებს მაინც ვერაფრით გასდასდო. მათ ძალიან უყვარდათ სტალინიც და პატივს სცემდნენ მას. მეორე მსოფლიო ომშიც გმირულად ირძოდნენ, მათგან ერთი დაიღუპა, ერთიც კი დაჭრილი დაბრუნდა შინ“.
სახლი ჭომის დასახლებაში, სადაც გეგენავები ცხოვრობდნენ გაიყიდა და ახლა იქ თოდაძეები სახლობენ.
ბერუჩაშვილების სახლზე კი დღესაცაა შემორჩენილი მემორიალური დაფა წარწერით: „ ამ სახლში 1910-1911წლებში, თავს აფარებდა დიდი საბჭოეთის ლიდერი ი. ბ. სტალინი“.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#ისტორია
#პიროვნება
#სტალინი
#kutaisidaily
წყარო - უცნობი ქუთაისი
#პოლიტიკა