ლონდონში იმართება დედოფალ ელისაბედ II-ის დაკრძალვის ცერემონია
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
დღეს ლონდონში იმართება დედოფალ ელისაბედ II-ის დაკრძალვის ცერემონია. ის 8 სექტემბერს გარდაიცვალა 96 წლის ასაკში, მას შემდეგ, რაც ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, 70 წელზე მეტ ხანს, იყო ტახტზე.
ორშაბათს დილას შეწყდა მონარქთან გამოთხოვების მსურველთა შეშვება უესტმინსტერის სასახლეში. 14 სექტემბრიდან ელისაბედ II-ს პატივი მიაგო ათასობით ბრიტანელმა და უცხოელმა. მათ 12 საათზე მეტ ხანს უწევდათ რიგში დგომა.
უესტმინსტერ ჰოლიდან კუბოს სამეფო ოჯახის თანხლებით გადაიტანენ უესტმინსტერის სააბატოში, სადაც გაიმართება პანაშვიდი, რომელიც ერთ საათს გასტანს. მასში მონაწილეობას მიიღებენ კენტერბერიელი ეპისკოპოსი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი, კონფესიის წარმომადგენლები. პანაშვიდზე ორი ათასამდე ადამიანია მიპატიჟებული.
ელისაბედ II-ის დაკრძალვას დაესწრება 500-მდე სახელმწიფოს მეთაური და უცხოელი ლიდერი. ცერემონიაზე არ არიან მიწვეული რუსეთის, ბელარუსის, ვენესუელის, სირიის, ავღანეთისა და ბირმის (მიანმარი) ოფიციალური პირები.
ცნობილი საათი ბრიტანეთის პარლამენტის შენობაზე, „ბიგ ბენი“, ყოველ ერთ წუთში ერთხელ დარეკავს, როცა დედოფლის კუბოს უესტმინსტერის სააბატოდან გამოიტანენ. მას 98 ბრიტანელი მეზღვაური მიიტანს უელინგტონის თაღამდე. იქ კუბოს გადაიტანენ კატაფალკზე, რომელიც გაემართება უინძორის სასახლეში, სადაც ჩატარდება დედოფლის დაკრძალვის კერძო ცერემონია დედოფლის ოჯახის წევრებისა და უახლოესი ნათესავების გარემოცვაში. ელისაბედ II-ს დაკრძალავენ აკლდამაში მისი მეუღლის, პრინც ფილიპის გვერდით.
https://www.radiotavisupleba.ge/a/32040861.html
Source: radiotavisupleba.ge