თავისუფალია ენმ-ის წევრი თენგო სანაია, რომლის დაკავების ცნობაც 26 სექტემბერს გავრცელდა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

„ნაციონალური მოძრაობის" წევრი თენგო სანაია, რომლის დაკავების შესახებაც ინფორმაცია გუშინ, 26 სექტემბერს გაავრცელეს მისმა თანაპარტიელებმა, თავისუფალია. შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აკონკრეტებს, სანაიას პოლიციაში გადაყვანა რა სამართლებრივი პროცედურისთვის მოხდა. სანაიას თანაპარტიელების ცნობით, 26 სექტემბერს პოლიციამ ჯერ მის სახლში ჩაატარა ჩხრეკა, შემდეგ კი დააკავეს. თავად სანაიამ გათავისუფლების შემდეგ მედიასთან თქვა, რომ პოლიციას გამოკითხვაზე ჰყავდა გადაყვანილი.  სანაიათი სამართალდამცველები მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც აქტივისტმა გიორგი მუმლაძემ ფეისბუკზე სანაიას მხრიდან მუქარაზე ისაუბრა.  "იარაღით შუბლის გახვრეტით მემუქრება, რათა პასუხი გამეცა. ამ უბინძურეს ბრძოლაში, აუცილებლად გავიმარჯვებთ!" - დაწერა  გიორგი მუმლაძემ და გამოაქვეყნა „სქრინები", რომელიც მისი ცნობით, ასახავს თენგო სანაიასთან მიმოწერას. მიმოწერაში  სავარაუდოდ, ენმ-ის წევრი მას ცეცხლსასროლი იარაღით ემუქრება. გამოკითხვიდან გამოსულ სანაიას ამ სქრინების ავთენტურობა არ დაუდასტურებია და თქვა, რომ არანაირი ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც პოლიცია მის სახლში ეძებდა, არ აქვს.  ბოლო დღეების განმავლობაში მედიაში აქტიურად ვრცელდება ცნობები „ნაციონალურ მოძრაობაში" განვითარებული დაპირისპირების შესახებ. 26 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში „ნაციონალურმა მოძრაობამ" დაადასტურა, რომ მათ ოფისში დაპირისპირება მოხდა. პარტია განცხადებაში აღნიშნავს, რომ ეს იყო პროვოკაცია „ქუჩური ტერმინოლოგიით". განცხადების მიხედვით, დაპირისპირება მოჰყვა "TV პირველის" ეთერით გავრცელებულ მასალებს, რომლებიც შეეხებოდა პარტიებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ აქტივისტებად ჩანერგილ ადამიანებს, რომლებიც ინფორმატორების ფუნქციას ასრულებდნენ.   https://www.radiotavisupleba.ge/a/32053799.html

Source: radiotavisupleba.ge