ვაკის პარკის რეაბილიტაცია იწყება

Tbilisi Daily

დღეიდან ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება, რასაც ისტორიულ მოვლენად აფასებს გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი. მისი თქმით, პარკის სტუმრებისთვის დისკომფორტის თავიდან აცილების მიზნით, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიყოფა ზონებად და კონკრეტულ ზონებში განხორციელდება. "მთლიანად განახლდება პარკის ინფრასტრუქტურა, მწვანე საფარი. პარალელურად მიმდინარეობს კასკადისა და შადრევნების რეაბილიტაციის პროექტირება, რომელიც მაქსიმუმ ორი კვირის ფარგლებში დასრულდება და ჩვენ უკვე გამოვაცხადებთ სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერს. ეს ორი პროცესი პარალელურ რეჟიმში წარიმართება და მომავალი წლის ბოლოს ჩვენ უკვე გვექნება დასრულებული, განახლებული ვაკის პარკი“- ამბობს გიგა გიგაშვილი. ცნობისთვის, ვაკის პარკის რეაბილიტაციას კომპანია “დაგი” განახორციელებს. თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის გამარჯვებული სწორედ “დაგი ჯგუფია". კომპანიამ 5 კონკურენტს შორის ყველაზე დაბალი ფასი წარადგინა. სახელმწიფო შესყიდვის საწყისი ღირებულება 19.9 მილიონი ლარი იყო, კომპანიამ კი მუნიციპალიტეტს სამუშაოების განხორციელებისთვის 16 784 244 ლარი შესთავაზა. პროექტის თანხის ძირითადი ნაწილი - 92,48%- 2021 წლის ბიუჯეტიდან გამოიყოფა. თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული კასკადისა და შადრევნების რეაბილიატაციის საპროექტო დოკუმენტაცია შპს LMC-მ შექმნა. სწორედ მან დაამუშავა კასკადისა და შადრევნების, როგორც არქიტექტურული, ისე საინჟინრო პროექტები. ვაკის პარკს და კასკადს აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, ამიტომაც ვაკის პარკის კასკადი და შადრევნები პირვანდელი სახით აღდგება ვაკის პარკის რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც ბრიტანულმა კომპანიამ - CBA Studios მოამზადა. მისივე თქმით, ადგილობრივ მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია შედგა, ჩატარდა საჯარო შეხვედრაც, რომელზეც პროექტის ავტორებმა პარკის ფუნქციურ ზონირებასთან დაკავშირებით, საკუთარი ხედვები და მოსაზრებები წარადგინეს.