ამირან გამყრელიძე: ყველაზე ცხელ წერტილად ბათუმი რჩება
Tbilisi Daily
ჩვენს განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ბათუმი, სადაც ინტენსიური, გაფართოებული ტესტირება მიმდინარეობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა.
გუშინ საღამოს შემცირდა კვლევების ტენდენცია ბულვარის კარვებში. 600-მდე ადამიანი გამოიკვლიეს, თუმცა, ასევე, ბათუმის ხუთ პოლიკლინიკაში ტარდება კვლევები. ქვეყნის მასშტაბით, ყურადღებას იპყრობს რუსთავის პოლიკლინიკასთან დაკავშირებული „ავერსის“ კლასტერი, რომელსაც გუშინ ერთი ინფიცირებული დაემატა,ასევე, გურიაში, ქვემობანში გაფართოებული ტესტირება დაიწყო“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
დღეს გამოვლენილი კორონავირუსის შემთხვევებიდან 12 უკავშირდება აჭარის რეგიონს.
საქართველოში კორონავირუსის 1 650 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1 310-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 020 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 299. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.