დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომელს COVID19 გამოუვლინდა

Tbilisi Daily

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. უწყების პრეს-სამსახურის ინფორმაციით, მას კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულთან და ამის შემდეგ თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. ამ ეტაპზე ინფიცირებულის ყველა კონტაქტი გამოკვლეულია და ტესტირებაც ჩატარებულია. მათ შორის, ტესტი გაუკეთდა უწყების ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძესაც. ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფ არცერთ ადამიანს კოვიდინფექცია არ დაუდასტურდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელის ნინო მამუკაშვილის განცხადებით, უწყებაში თანამშრომლების გეგმიური ტესტირება მუდმივად მიმდინარეობს. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 9245 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 4887 ადამიანი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. გარდაიცვალა 58 პაციენტი. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.