ბაიდენმა კვლავ განაცხადა, რომ აშშ-ის ჯარები დაიცავენ ტაივანს

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა CBS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ამერიკის ჯარები დაიცავენ ტაივანს კუნძულზე ჩინეთის შეჭრის შემთხვევაში. ბაიდენი პირველად არ ლაპარაკობს ტაივანის შესაძლო სამხედრო დაცვაზე, მაგრამ, როგორც CBS-ი აღნიშნავს, ახალი განცხადება ყველაზე არაორაზროვანია. შეკითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს, რომ ამერიკელი სამხედროები პირდაპირ მიიღებენ მონაწილეობას ტაივანის დაცვაში, ბაიდენმა თქვა: „დიახ, თუკი ეს იქნება უპრეცედენტო თავდასხმა“. პრეზიდენტმა დადებითად უპასუხა კიდევ ერთ შეკითხვას, იმოქმედებს თუ არა აშშ ტაივანის შემთხვევაში სხვანაირად, ვიდრე უკრაინის დახმარებაა და გაგზავნის თუ არა ჯარებს. თეთრი სახლის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ბაიდენმა ტაივანის შესაძლო დაცვაზე ადრეც ილაპარაკა - ამაზე მან ტოკიოში განაცხადა წლის დამდეგს. მაშინ ამერიკის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ პრეზიდენტის სიტყვები არ ნიშნავს ტაივანის მიმართ ვაშინგტონის პოლიტიკის შეცვლას. თეთრი სახლი ახლაც იმეორებს, რომ პოლიტიკა „იგივე“ რჩება. საქმე ეხება ე.წ. „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკას, რომლის თანახმადაც, ვაშინგტონი ჩინურ სახელმწიფოდ ცნობს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას და არა ტაივანს (ოფიციალურად - ჩინეთის რესპუბლიკა) და, ამასთან, არ უჭერს მხარს ტაივანის შესაძლო დამოუკიდებლობას. ბაიდენმა დაადასტურა, რომ ვაშინგტონი ამ პოლიტიკას მისდევს. ამასთან, აშშ-ის ლიდერები ადრე ერიდებოდნენ პირდაპირ პასუხს შეკითხვაზე, თუ როგორ დაეხმარება ვაშინგტონი ტაივანს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შეჭრის შემთხვევაში. ჩინეთის ხელისუფლება ტაივანს ოფიციალურად მიიჩნევს ამბოხებულ პროვინციად და აცხადებს, რომ არ გამორიცხავს ჩინეთის გამთლიანების არავითარ ვარიანტს. ბაიდენის სიტყვების საპასუხოდ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პეკინი მზად არის მიიღოს „ყველა საჭირო ზომა“, რათა არ დაუშვას ტაივანის გამოყოფა. მანამდე ჩინეთის მკვეთრი რეაქცია მოჰყვა ტაივანში აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ვიზიტს. https://www.radiotavisupleba.ge/a/32040803.html

Source: radiotavisupleba.ge