ბათუმში, ოპოზიციური პარტიის წევრები 9 აპრილის მემორიალამდე ფეხით მსვლელობას აწყობენ

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

ბათუმში, ნაციონალური მოძრაობის წევრები, პარტიის ოფისიდან გმირთა მოედნისკენ ფეხით მსვლელობა მოაწყვეს. ოპოზიციური პარტიის წევრები, 9 აპრილის დადგომას მემორიალთან შეხვდებიან. მათივე თქმით, 9 აპრილი სახელმწიფო ერთიანობისა და სამოქალაქო თანხმობის დღეა. '9 აპრილი გარდა სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აქტის მიღებისა დასამშობლოსათვის დაღუპულთა, პატივის მიგების დღისა, ასევე არის სახელმწიფო ერთიანობისა და სამოქალაქო თანხმობის დღე. სამწუხაროა, რომ 32 წლის შემდეგაც ამ ქვეყანამ თავისუფლებას ვერ მიაღწია და უკიდურესად პოლარიზებულ გარემოში ვცხოვრობთ. ტრაგიკულად დაღუპული ადამიანების სიცოცხლეს ფუჭად არ ჩაუვლია და ჩვენი ვალია პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას და რისთვისაც თავი გაწირეს ამას ვემსახუროთ' - აცხადებს მირდატ ქამადაძე. პარტიის წარმომადგენელთა განცხადებით, კომენდატის საათს არ არღვევენ, რადგან ესმათიყოველწლიური ტრადიციაა. 32 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ამას გარდა იყვნენ დაჭრილები. დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა 2000-მდე პირი. 9 აპრილიდან ზუსტად მეორე წლისთავზე საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიის და ამავდროულად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ.