ისრაელში კორონავირუსის გამო სრული ლოკდაუნი უკვე მესამედ ამოქმედდა

Tbilisi Daily

კორონავირუსის გამო ისრაელში საყოველთაო ლოკდაუნი უკვე მესამედ ამოქმედდა. ამის შესახებ France 24 წერს. გამოცემის ინფორმაციით, ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობას საკუთარი სახლებიდან 1000 მეტრის რადიუსში მოძრაობა აქვთ ნებადართული. არის გარკვეული გამონაკლისები. მაგალითად, არ დახურულა სკოლები, პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიუჰუმ იმედი გამოთქვა, რომ „რეკორდულად სწრაფი“ ვაქცინაცია ქვეყანას ნორმალური ცხოვრებისკენ დაბრუნების შესაძლებლობას რამდენიმე კვირაში მისცემს. ამ ეტაპზე ქვეყანაში 2, 25 მილიონის (მოსახლეობის მეოთხედი) აცრას ერთ თვეში გეგმავენ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.