ფაშინიანმა გადაწყვიტა თანამდებობიდან გაათავისუფლოს გენშტაბის უფროსიც

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თანამდებობიდან გენერალური შტაბის უფროსის, ონიკ გასპარიანის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ, როგორც რადიო თავისუფლების სომხური სამსახური იუწყება, ფაშინიანმა განაცხადა ფეისბუკით პირდაპირ ეთერში გამოსვლის დროს. მანამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა სამხედრო გადატრიალების მცდელობად შეაფასა მისი გადადგომის შესახებ შეიარაღბული ძალების გენერალური შტაბის მოთხოვნა და მხარდამჭერებს ერევნის რესპუბლიკის მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდა. გენერალურმა შტაბმა პრემიერ-მინისტრის გადადგომა მას შემდეგ მოითხოვა, რაც 24 თებერვალს, ნიკოლ ფაშინიანმა თანამდებობიდან გაათავისუფლა შტაბის უფროსის მოადგილე, გენერალი ტირან ხაჩატრიანი. „სიტუაცია ძალიან რთულია. თქვენ იცით, რომ გადავწყვიტე თანამდებობიდან გავათავისუფლო გენერალური შტაბის უფროსი და მისი პირველი მოადგილე. მიზეზებს მოედანზე დავასახელებ. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა სამოქალაქო და სახალხო ხელისუფლების შენარჩუნება“, - განაცხადა ფაშინიანმა ფეისბუკით პირდაპირ ეთერში დღევანდელი გამოსვლისას. გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ ტირან ხაჩატრიანმა თანამდებობიდან გათავისუფლებამდე გააკრიტიკა ნიკოლ ფაშინიანის განცხადება რუსული სარაკეტო კომპლექსის „ისკანდერის“ არაეფექტურობის შესახებ. 23 თებერვალს, ნიკოლ აფშინიანმა გამოცემა 1in.am-თან ინტერვიუში თქვა, რომ 2020 წლის შემოდგომაზე, მთიან ყარაბაღში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, სომხეთის შეიარაღებაში არსებული „ისკანდერები“ არ აფეთქდა, ან აფეთქდა მხოლოდ 10%-ით. თავის მხრივ, გენერალმა ხაჩატრიანმა განაცხადა, რომ ეს შეუძლებელია და ზედაპირული შეფასებებით დასკვნების გამოტანა არასერიოზულია. დღეს, 25 თებერვალს გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ პროტესტს გამოთქვამს დაუსაბუთებელი მიზეზით და სახელმწიფო და ეროვნული ინტერესების გათვალისწინების გარეშე, თანამდებობიდან ხაჩატრიანის გათავისუფლების გამო. გენერალური შტაბი ფაშინიანის გადაწყვეტილებას ანტისახელმწიფოებრივ და უპასუხისმგებლო ნაბიჯად აფასებს და აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრს და მთავრობას აღარ შეუძლიათ სომეხი ხალხისთვის კრიტიკულ სიტუაციაში ადეკვატური გადაწყვეტილებების მიღება. სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი პრემიერ-მინისტრის და მთავრობის გადადგომას მოითხოვს.   https://www.radiotavisupleba.ge/a/31121161.html #ახალი_ამბები #twitter