თეთრმა სახლმა ხერსონიდან რუსეთის გასვლას „უკრაინისთვის არაჩვეულებრივი“ გამარჯვება უწოდა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
თეთრმა სახლმა 12 ნოემბერს, უკრაინის ქალაქ ხერსონიდან რუსეთის ჯარის გასვლას უწოდა უკრაინისთვის „არაჩვეულებრივი გამარჯვება.“
„ჩანს, რომ უკრაინელებმა მოიპოვეს „არაჩვეულებრივი გამარჯვება“ , როცა ერთადერთ რეგიონულ დედაქალაქში, რომელიც რუსეთმა დაიკავა ამ ომში, უკრაინის დროშა დაუბრუნდება - ეს ერთობ ღირსშესანიშნავი რამ არის,“ - უთხრა ჟურნალისტებს სახელმწიფო უშიშროების საკითხებში მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ახლავს „ასეანის“ სამიტზე კამბოჯაში.
სალივანმა ეს განაცხადა მას მერე რამდენიმე საათში, რაც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაავრცელა ცნობა, ხერსონი „ჩვენიაო.“
მანამდე უკრაინის სპეცდანიშნულების ჯარი სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქში შევიდა რუსეთის არმიის უკან დახევის შემდეგ.
ხერსონი ერთადერთი საოლქო ცენტრი იყო უკრაინაში, რომელიც რუსეთმა დაიკავა ომის დაწყებიდან მალევე.
https://www.radiotavisupleba.ge/a/32127857.html
Source: radiotavisupleba.ge