ზელენსკიმ გაეროს მიმართა, რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიაროს და ორგანიზაციიდან გარიცხოს
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთი დაადანაშაულა გაეროს ფუძემდებლური პრინციპების და საერთაშორისო სამართლებრივი წესრიგის დარღვევაში და განაცხადა, რომ მიუხედავად ამისა, რუსეთი რჩება გაეროში და ისევ სარგებლობს უშიშროების საბჭოს წევრის პრივილეგიებით. 28 ივნისს, ზელენსკიმ კიევიდან ნიუ-იორკში, ვიდეოკავშირით მიმართა გაეროს უშიშროების საბჭოს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთს არ აქვს უშიშროების საბჭოს წევრად დარჩენის უფლება.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს მოუწოდა, შემოიღოს ტერორისტი სახელმწიფოს იურიდიული სტატუსი და რუსეთს, როგორც ტერორისტ სახელმწიფოს, გაეროს გენერალურ ასამბლეაში უფლებამოსილება ჩამოართვას. ზელენსკიმ გაეროს მიმართა, შექმნას საერთაშორისო ტრიბუნალი, უკრაინაში რუსი ოკუპანტების ქმედებების გამოსაძიებლად და დასასჯელად.
უკრაინის პრეზიდენტმა გაეროს შესთავაზა, ქალაქ კრემენჩუკში დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება იმის შესამოწმებლად, რომ ქალაქის სავაჭრო ცენტრზე სარაკეტო იერიში რუსეთმა განახორციელა. 27 ივნისს, პოლტავის ოლქის ქალაქ კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე შეტევის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 20 ადამიანი. უკრაინის პრეზიდენტმა სამოქალაქო ობიექტზე სარაკეტო დარტყმას ტერორისტული აქტი უწოდა. 28 ივნისს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სამიზნე იყო ანგარი, სადაც აშშ-ისა და ევროპის ქვეყნების მიერ უკრაინისთვის გაგზავნილი შეიარაღება და საბრძოლო მასალები ინახებოდა, მეზობლად მდებარე სავაჭრო ცენტრში კი, ხანძარი გამოიწვია ანგარში შენახული საბრძოლო მასალების დეტონაციამ.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31920760.html
Source: radiotavisupleba.ge