ტრადიციული აჭარული სინორი
Batumi Daily
სინორი აჭარული სამზარეულოს ერთ-ერთი განძია. ეს არის აჭარული ტრადიციული კერძი, რომელიც ყველა აჭარულ ოჯახში მზადდება. მისი მირთმევა დღის ნებისმიერ მონაკვეთშია შესაძლებელი. თავად სიტყვა “სინორი” აჭარულ დიალექტსა და ლაზურ ენაში საზღვარს ნიშნავს.
ამბობენ, რომ სინორის საიდუმლო მისი თხელი და ნაზი ფენებია. გამდნარი კარაქის, ნადუღისა და ნივრის არომატი ერთმანეთს სასიამოვნოდ ერწყმის, რაც გემოს მრავალფეროვანს ხდის.
სინორის გასაკეთებლად არანაირი განსაკუთრებული ტექნოლოგიის გამოყენება არ არის საჭირო.
*შენიშვნა: მიუხედავად კერძის მომზადების განსხვავებული ტექნიკისა, ჩვენ ჩვენეულ მეთოდს შემოგთავაზებთ.
კერძის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
1.სინორის მზა ფირფიტები ან 2 ფირფიტა სომხური ლავაში
2.ნადუღი – 500 გ
3.ნიორი – 30 გ
4. ერბო (კარაქი) – 50 გ
5.წყალი – 50 გ
6.მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:
დაჭერით სომხური ლავაში (ან სინორის მზა ფირფიტები) 5 სმ, რულეტებად გადაახვიეთ და მიჯრით დააწყვეთ ლანგარზე.
გაცხელებულ ქვაბში ჩადეთ ერბო და დაჭყლეტილი ან დაკეპილი ნიორი ჩაყარეთ. კარგად მოშუშეთ, დაამატეთ ნადუღი და ცოტა წყალი. ადუღეთ მანამ, სანამ ერთიან, შეკრულ მასას არ მიიღებთ. შემდგომი ეტაპი მარილია, რომელიც გემოვნებით უნდა მოაყაროთ.
მიღებული მასა მოასხით ლანგარზე დაწყობილ რულეტებს ისე, რომ ძირამდე ჩავიდეს და კარგად დაიფაროს. შედგით ღუმელში და 180 გრადუსზე 3-4 წუთს აცხვეთ. რულეტებს ნაპირების ოდნავ დაბრაწებვა კერძი მზად ყოფნის მაჩვენებელია.
ჩვენეული რეცეპტით 5 ულუფა გამოგივათ.
მომზადების დრო – 15 წუთია.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#batumidaily #აჭარა #ბათუმი #ახალიამბებიაჭარაში