უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის შეტევა 15 დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 30 საავიაციო და 7 სარაკეტო დარტყმა და 70-ზე მეტი შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით. მათ შორის, დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკის და ხარკოვის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. გენერალური შტაბის ცნობით, რუსეთმა ხარკოვის ოლქის ენერგოობიეტქებზე იერიში მიიტანა 13 ირანული უპილოტო საფრენი აპარატით(Shahed), საიდანაც 11 თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს. უკრაინის არმიის სარდლობის მიერ დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციით, მოწინააღმდეგე დონეცკის ოლქში განაგრძობს შეტევებს ბახმუტის და ავდეევკის მიმართულებებით და ლიმანთან ცდილობს ტაქტიკური პოზიციების გაუმჯობესებას. გენშტაბის თანახმად, გასულ 24 საათში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის ჯარების შეტევა მოიგერიეს დონეცკის ოლქის 11 და ლუგანსკის ოლქის 4 დასახლებულ პუნქტთან. გენერალური შტაბის ცნობითვე, მოწინააღმდეგემ ტანკებიდან და საარტილერიო დანადგარებიდან დაცხრილა ჩერნიგოვის, ხარკოვის, ზაპოროჟიეს, ხერსონის და დონეცკის ოლქების დასახლებული პუნქტები. უკრაინის არმიის სარდლობის ინფორმაციით, გასულ 24 საათში, შეიარაღებული ძალების ავაიაციამ 17 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის თავმოყრის რაიონებზე და 4 დარტყმა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების პოზიციებზე, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს საოკუპაციო ძალების 5 მართვის პუნქტი, პირადი შემადგენლობის თავმოყრის 3 რაიონი და საბრძოლო მასალების საწყობი. https://www.radiotavisupleba.ge/a/32198266.html

Source: radiotavisupleba.ge