გაეროს კომისია: მტკიცებულებები მოწმობს, რომ უკრაინაში ჩადენილია ომის დანაშაულები
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
გაეროს გამომძიებლების დასკვნით, უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული შეჭრის დროს ჩადენილია ომის დანაშაულები, მათ შორის სამოქალაქო არეალების დამობმვა, სიკვდილით დასჯის ბევრი შემთხვევა, წამება და საზარელი სექსუალური ძალადობა.
"მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე კომისია ასკვნის, რომ უკრაინაში ჩადენილია ომის დანაშაულები" - უთხრა კომისიის ხელმძღვანელმა, ერიკ მოსმა გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს 23 სექტემბერს ჟენევაში.
კომისიამ, რომელიც მაისში შეიქმნა უკრაინაში რუსეთის ომში დანაშაულების შესასწავლად, წარმოადგინა ბევრი მტკიცებულება ამგვარ დანაშაულებზე. მოსის თქმით, კომისიის ექსპერტებმა მოიპოვეს და აღრიცხეს "სანდო ცნობები სიკვდილით დასჯის კიდევ ძალიან ბევრი შემთხვევის შესახებ".
კომისიის დასკვნა მოიცავს რუსეთის ყოფილი ტყვეების ჩვენებებს, რომლებიც ყვებიან ცემის, ელექტროშოკის გამოყენებისა და იძულებითი სიშიშვილის შესახებ. კომისია გამოხატავს ღრმა შეშფოთებას სიკვდილით დასჯის შემთხვევებზე კიევის, ჩერნიგოვის, ხარკოვისა და სუმის რეგიონებში, რომლებიც უწინ რუსეთის ძალების მიერ იყო ოკუპირებული.
მოსის თქმით, რუსეთის სამხედროებს ჩადენილი აქვთ გენდერული საფუძვლების და სექსუალური ხასიათის დანაშაულები, და მათ მსხვერპლთა ასაკი 4-დან 82 წლამდე იყო.
https://www.radiotavisupleba.ge/a/32049181.html
Source: radiotavisupleba.ge