თეა წულუკიანი - უმკაცრესად დაისჯება ყველა, ვინც შაქარაშვილს სიცოცხლე ვერაგულად მოუსწრაფა
Tbilisi Daily
,,უმკაცრესად დაისჯება ყველა პირი, ვინც გიორგი შაქარაშვილს სიცოცხლე მოუსწრაფა", - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, გამოძიებას ენდობა და იმედი აქვს, რომ დანაშაულის ჩამდენი კონკრეტული პირები, მალე გამოვლინდებიან.
,,დიდი იმედი მაქვს, რომ უმკაცრესად დაისჯება ყველა ის პირი, რომელმაც შაქარაშვილს, ამ ახალგაზრდა კაცს, ასე ვერაგულად, დაუნდობლად მოუსწრაფა სიცოცხლე. რა თქმა უნდა, პენიტენციური სამსახური სადაც ეს პირები ბრალდებულის სტატუსით არიან მოთავსებულები, ყველა პირობას უქმნის გამოძიებას როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარეს, რომ სწრაფად დადგინდეს ჭეშმარიტება", - განაცხადა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა.
4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, მდინარე არაგვში იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ადამიანი დააკავა. მათ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა აქვს შეფარდებული. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.
10 ივლისს, გენერალურმა პროკურატურამ გაასაჯაროვა ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.
დასკვნაში ასევე წერია, რომ სხეულის დაზიანებები მიყენებული აქვს სიცოცხლეში.
ამასთან, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლითაც გრძელდება.