მეუფე მელქისედეკი: გთხოვთ დარჩით სახლებში აღდგომას! ეს არაა ღმერთის უარყოფა, ეს არაა ღალატი!

Mediamall

თუ ერთმანეთის სიცოცხლეს არ ვუფრთხილდებით და ამას რელიგიური მოტივებით ვამართლებთ, განა ბევრით განვსხვავდებით იმ მწიგნობარ-ფარისეველთაგან, რომლებმაც ქრისტე ჯვარზე გააკრეს? - ამის შესახებ მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა, მეუფე მელქისედეკმა განაცხადა. მეუფე მელქისედეკი: გთხოვთ დარჩით სახლებში აღდგომას! ეს არაა ღმერთის უარყოფა, ეს არაა ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა, ეს არაა სარწმუნოების ღალატი გთხოვთ დარჩით სახლებში აღდგომას! ეს არაა ღმერთის უარყოფა, ეს არაა ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა - ამის შესახებ მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა, მეუფე მელქისედეკმა განაცხადა. „ქრისტესმიერ საყვარელო ძმანო და დანო, ქვეყანაში შექმნილი ძალიან სერიოზული მდგომარეობის გამო, მსურს საჯაროდ ვუპასუხო თქვენი მხრიდან დასმულ შეკითხვებს. უპირველესად მოგახსენებთ იმას, რომ აღდგომის საზეიმო მსახურებას, როგორც მონასტრებში, ასევე საერო ტაძრებში, აღვავლენთ ღამისთევით. ამასთანავე მსურს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხზე გავამახვილო თქვენი ყურადღება. ჩვენ, სასულიერო პირები, ვალდებულნი ვართ ნებისმიერ კრიზისულ პერიოდში აღვასრულოთ საღვთო ევქარისტია. ესაა ის უმთავრესი მიზეზი, რის გამოც ამ ეკლიან გზას შევუდექით. მედიკოსები ვალდებულენი არიან მოგვიწოდონ, თუკი ჩვენ მიერ აღსრულებული ესა თუ ის ქმედება შეიცავს რაიმე საფრთხეს, უპირველესად საკუთარი თავებისთვის და შემდეგ უკვე გარშემომყოფთათვის. ისიც მოგეხსენებათ, რომ პირდაპირ მოგვიწოდებენ სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები, რომ მოვერიდოთ ნებისმიერი სახის შეკრებას. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჩვენგან, სასულიერო პირებისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში, თქვენ არ ხართ ვალდებულნი დაესწროთ ღვთისმსახურებებს. მე არ მაქვს უფლება, რომელიმე თქვენგანს ავუკრძალო შაბათ საღამოს ტაძარში მოსვლა, არც ის შემიძლია, რომ შიგნიდან ჩავკეტო ეკლესია, მაგრამ, როგორც თქვენი ეპისკოპოსი, როგორც თქვენი ჯანმრთელობისთვის მუდამ მზრუნველი და მლოცველი რიგითი თანამოქალაქე, ძალიან გთხოვთ, რომ მაქსიმალურად დარჩეთ სახლებში და შეზღუდოთ კონტაქტები. გთხოვთ დარჩით სახლებში აღდგომასაც! რათა დავეხმაროთ სახელმწიფოსა და მედიკოსებს სიტუაციის ეფექტურად მართვაში. გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ ეს არაა ღმერთის უარყოფა, ეს არაა ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა, ეს არაა სარწმუნოების ღალატი, ეს მოყვასზე ზრუნვისა და სიყვარულის საკითხია, განა უმთავრესად ამას არ მოგვიწოდებდა ქრისტე მაცხოვარი, რომ ერთმანეთზე გვეზრუნა? თუ ერთმანეთის სიცოცხლეს არ ვუფრთხილდებით და ამას რელიგიური მოტივებით ვამრთლებთ, განა ბევრით განვსხვავდებით იმ მწიგნობარ-ფარისეველთაგან, რომლებმაც ქრისტე ჯვარზე გააკრეს“, - წერს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი, მეუფე მელქისედეკი.