წინანდალში გამოფენა და აქცია-პერფორმანსი გაიმართა უკრაინის მხარდასაჭერად
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
"ხვალინდელი დღე" - ასე ჰქვია ერთდღიან აქცია-პერფორმანსს, რომელიც კახეთში, წინანდალში გაიხსნა. ორგანიზატორთა თქმით, ღონისძიების მიზანია საქართველოში უკრაინისა და უკრაინელების მიმართ სოლიდარობისა და მხარდამჭერი ქსელის გაძლიერება.
გამოფენზე წარმოდგენილი იყო უკრაინელი ჟურნალისტის, რომან დრიბნოის გადაღებული ფოტოები, რომელიც მის ქვეყანაში მიმდინარე ომის დროს ასახავდა. მისი თქმით, მან გადაიღო ომის დროს მშვიდობა.
წინანდალში გამოფინეს დედა სიდონიას (ყაჭიაშვილი) ხელნაკეთი ნივთები. დამთვალიერებელს შეეძლო ნივთების ყიდვა, თანხა კი საქართველოში მყოფ უკრაინელებს მოხმარდებათ.
"დღევანდელი აქციით ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას არა იმ ყოველდღიურობაში, რაშიც ახლა არიან (ომი), არამედ იმაში, რომ მათ ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია შეძლონ. იგრძნონ, რომ ჩვენ გვესმის მათი, უცხო არ არის მათი ტკივილი. ვიდგებით მათ გვერდით იქამდე, სანამ ცხოვრების ნორმალურ და ჯანსაღ პირობებს არ დაუბრუნდებიან. ამ ღონისძიებას ჰქვია ხვალინდელი დღე. ჩვენ გვინდა, რომ უკრაინელებთან ერთად ხვალიდან გავაგრძელოთ უკეთესი ცხოვრება", - თქვა დედა სიდონიამ.
დედა სიდონიასთან ერთად ღონისძიების ორგანიზატორია უკრაინელი ტელე-რადიო წამყვანი რომან დრიბნოი. სწორედ ის უნდა ყოფილიყო ღონისძიების წამყვანი, თუმცა მესაზღვრეებმა 18 სექტემბერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში არ შემოუშვეს და უკან გააბრუნეს.
ის აქცია პერფორმანსის დროს უკრაინიდან პირდაპირ ეთერში ჩაერთო. წინანდალში იყო ჩასული რამდენიმე უკრაინელი, რომელიც ომის დაწყების შემდეგ საქართველოში ცხოვრობენ.
https://www.radiotavisupleba.ge/a/32051339.html
Source: radiotavisupleba.ge